ექსკლუზივი: პენსიონერები და ე.წ. კანონიერი ქურდები - როგორ აღმოჩნდა ციხეში 17 კაცი და ერთი ქალი (ფარული ჩანაწერები)

25.11.23 21:48
ექსკლუზივი: პენსიონერები და ე.წ. კანონიერი ქურდები - როგორ აღმოჩნდა ციხეში 17 კაცი და ერთი ქალი (ფარული ჩანაწერები)

პენსიონერები და კანონიერი ქურდები - "შაბათის ეთერმა" პენსიონერის ქალის, ნინო ცეცხლაძის დაკვეთით დაწყებული და ე.წ. ქურდების დაპირისპირებით დასრულებული ხმაურიანი კრიმინალური ოპერაციის ფაილები მოიპოვა. 

დგინდება, რომ მინიმუმ 18 მოქალაქეს პოლიცია თვეების განმავლობაში ქუჩა-ქუჩა დაჰყვებოდა და სხვადასხვა მიზეზით აჩერებდა, რომ ეს საქმე გაეხსნა. 

ქობულეთში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებ ნინო ცეცხლაძეს სხვადასხვა მიზეზით აჩერებდნენ და დიდხანს ესაუბრებოდნენ. გამომძიებლებს სჭირდებოდათ ნინოს ხმა, იმის დასადასტურებლად რომ ქალი, რომელიც ე.წ. კანონირი ქურდებს დიდი ფულის ამოსაღებად "ქურდულ" გარჩევებს უკვეთდა,  ნამდვილად პენსიონერი ნინო იყო მიცვალებულთა მაცივრების ბიზნესიდან. 

როდესაც ფარული სატელეფონო მოსმენების დროს, პოლიციას სკანდალური საუბარი ხელში ჩაუვარდა, უკვე ცხადი იყო, რომ პენსიონერ ნინო ცეცხლაძის დაკვეთით "ქურდები", ფულის ამოსაღებად დიდი შეკრებას ამზადებდნენ. 

"შაბათის ეთერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ფარული ჩანაწერებით დგინდება, რომ არარსებულ ზებრაზე გადასვლის მიზეზით გაჩერება ნინო ცეცხლაძისთვის საეჭვო იმ წუთიდან გახდა, როდესაც საპატრულო პოლიციამ მას პირადობის  დამდასტურებელი მოწმობა მოსთხოვა - ქალი პოლიციის ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა და სამართალდამცავები გალანძღა.

ჩანაწერში ისმის, რომ ქალი პოლიციას თორნიკე რიჟვაძესთან დარეკვით ემუქრება.

"შაბათის ეთერმა" გაარკვია ისიც, რომ პენსიონერ, ნინოს ინტერესებს "ქურდული საქმის" გარჩევის დროს, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი "კუსო" იცავდა, მისმა მოვალემ ასევე პენსიონერმა ლალი შიშმელაშვილმა კი საქმეში "ქურდი" -  ე.წ. ენცო ჩართო, ორივე ქურდს ჰყავდა რწმუნებულები საქართველოში, ვისაც საქმე უნდა გაერჩია. 

ირკვევა, რომ პოლიცია ქუჩაში აჩერებდა და ფარულად იწერდა "ქურდების" რწმუნებულებთან საუბარს. საქმეში ასეთ სრულ 18 ჩანაწერია. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს ეჭვი არ შეუტანიათ, რომ პატრული ქუჩაში "ქურდული რაზბორკის" ორგანიზაციების საქმეზე აჩერებდა, რადგან ყველა შემთხვევაში სხვა მიზეზს ეუბნებოდნენ. 

18 პირი ახლა ციხეშია - ვინც საქმეს არჩევდა 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სამი წლით ციხეში წასვლის საფრთხის წინაშეა პენსიონერი ნინო ცეცხლაძე, მან პროცესზე აღიარა, რომ დაქალისთვის ნასესხები 50 ათასი დოლარის ამოღებას "ქურდების" საშუალებით ცდილობდა. 

სასამართლო დარბაზში პენსიონერმა აღიარა, რომ "ქურდებს" დახმარება სთხოვა, თუმცა თქვა, რომ სასოწარკვეთილებაში მყოფმა სამართალი სხვა გზით ვერ იპოვა. 2009 წელს ფული გაასესხა, თანხა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მოტყუებით გამოატანინეს და უკან აღარ დაუბრუნეს -მევალეს უჩივლა, თუმცა საგამოძიებო უწყებამ  არაფერი გააკეთა. 

პენსიონერები და ე.წ. კანონიერი ქურდები - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი