პოლიციის შენობიდან კაცის გადმოხტომის საქმეზე გამოძიება სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით დაიწყო

17.06.21 10:14
პოლიციის შენობიდან კაცის გადმოხტომის საქმეზე გამოძიება სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა წერეთელზე, პოლიციის შენობიდან, მამაკაცის გადმოხტომის საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება შსს-ის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე დაიწყო.

"2021 წლის 16 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მეოთხე სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის აივნიდან გადმოხტა მამაკაცი.

აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას", - ნათქვამია განცხადებაში.