საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იყვნენ ის წარჩინებული პროკურორები - ჯაფარიძე თორდიას საქმის გამოძიებას მოითხოვს

18.06.21 12:48
საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იყვნენ ის წარჩინებული პროკურორები -  ჯაფარიძე თორდიას საქმის  გამოძიებას მოითხოვს

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს საქმე ხელახლა იქნას გამოძიებული? - "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სახალხო დამცველს ლაშა თორდიაზე განხორციელებული თავდასხმის საქმე შეახსენა. ჯაფარიძის თქმით, მაღალი თანამდებობის პირის მიმართ განხორციელებული ზეწოლა და დამნაშავის დაუსჯელობა მომავალშიც შექმნის პრეცედენტს, როცა კრიტიკული ანგარიშის გამო შესაძლოა, ანგარიშწორების ობიექტი ნებისმიერი თანამდებობის პირი გახდეს. 

ლაშა თორდიას საქმე ცნობილი ფაქტია საზოგადოებამ იცის, თორდიაზე განხორციელდა თავდასხმა მისი საქმიანობის გამო და ფარცხალაძე გამართლდა ამ საქმეზე. თორდიას უფლებები პრაქტიკულად იქნა ფეხქვეშ გათელილი და კანონის უზენაესობა იქნა ფეხქვეშ გათელილი, სწორედ იმიტომ რომ საქმე ჰქონდა ხელისუფლებასთან და არაფორმალურ მმართველთან უკიდურესად დაახლოებულ პირთან. პირდაპირ იკვეთება გამოძიების გაჭიანურება, თორდიას დაზარალებულად ცნობას დაჭირდა 1 წელი და 5 თვე. საინტერესოა საზოგადოებამ იცოდეს ვინ იყვნენ ის წარჩინებული პროკურორები, ვინც ასე  ურცხვად ჩაატარეს გამოძიება ამ საქმეზე და პირდაპირ შეასრულეს დავალება, რომ კონკრეტული პირები აერიდებინათ პასუხისმგებლობისთვის.  რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ეს საქმე იქნეს გამოძიებული ხელახლა და  ბატონი თორდიას უფლებები იყოს დაცული. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი თანამდებობის პირზე თავდასხმა ესე იქნას გამოძიებული", - ამბობს ჯაფარიძე. 

ლაშა თორდიაზე თავდასხმა 2017 წელს წელს ერთ-ერთ კლუბში მოხდა. თორდიას თქმით, ფარცხალაძის აგრესია აუდიტის სამსახურის კვლევამ გამოიწვია, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა. 

შსს-მ გამოძიება იმავე დღეს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 22 მაისს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთარ ფაცხალაძესა და  ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.

წელიწადნახევრის შემდეგ, 2018 წლის 5 ნოემბერს, მთავარმა პროკურატურამ ლაშა თორდია დაზარალებულად სცნო და ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი წარუდგინა. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-5000 ლარიანი გირაო შეეფარდა.