აქცია ბათუმი-ქობულეთის გზაზე - პოლიციამ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე სცემა

18.06.21 13:34
აქცია ბათუმი-ქობულეთის გზაზე - პოლიციამ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე სცემა

უკანონო მშენებლობის გაპროტესტების გამო პოლიციამ მოქალაქე სცემა. შემთხვევა ბათუმი - ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა, სადაც სოფელ სილაბაურის მოსახლება საპროტესტო აქციას მართავდა. სამართალდამცველები პროტესტის გამოხატვის გამო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს.

ადგილზე შეკრებილი მოსახლეობა ამბობს, რომ გზაზე მიმდინარე სამუშაოები მათ საცხოვრებელ სახლებს აზიანებს და ნგრევის საშიშროებას აჩენს.

დაუწიეთ ცოტა, ხომ შეიძლება, რომ ზანზარებს, გამოდით და ნახეთ-მეთქი და შენო შარზე ხარო და „დავაი“ მანქანაშიო და მტენიდნენ. პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. რომ არ ჩავჯექი მათრევდნენ ტყუილად, 5 წლის ბავშვი მახლდა, ახლა გავუშვი სახლში. რომ ვერ ჩამტენეს მანქანაში, გააქანეს და ჩამარტყეს. ესენი მეუბნებიან, თუ არ გაჩუმდები დაგიჭერთო, - ამბობს დაზარალებული.  

ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი მისი თანამშრომლების მხრიდან ძალადობას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, პროტესტის მონაწილემ პოლიციას თავად გაუწია წინააღმდეგობა და მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოებაც კი დაიწყო. 

საპროტესტო აქცია ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს.