მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება - საგანგებო სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

18.06.21 16:32
მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება - საგანგებო სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სანაპირო ზოლზე შტორმის გაძლიერების შესახებ ატყობინებს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

საქართველოში, შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე ფიქსირდება შტორმი. უამინდობის გამო, მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აფრთხილებს მოსახლეობას არ შევიდნენ ზღვაში. კატეგორიულად აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება სანაპირო ზოლზე. სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. ასევე, მობილიზებულია წყალზე მაშველებთა დამატებითი ჯგუფები, ისინი პატრულირებენ სანაპირო ზოლზე და ხმის გამაძლიერებლებით მოსახლეობას რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად. შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სასმახური ასევე, დღეს ორი ადამიანის გადარჩენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ერთ შემთხვევაში საქმე არასრუწლოვანს ეხებოდა, რომელიც ურეკში შტორმის დროს ზღვაში შევიდა და უკან გამოსვლას ვერ ახერხებდა, ხოლო მეორე შემთხვევა ქობულეთში, ზღვაში გაუჩინარებულ მოქალაქეს ეხებოდა. ორივე შემთხვევაში მაშველებმა ადამიანების გადარჩენა შეძლეს.