20 ივნისს დაზარალებულების საქმე - სტრასბურგის სასამართლოს მწვავე შეკითხვები "ოცნების" ხელისუფლებას

18.06.21 17:33
20 ივნისს დაზარალებულების საქმე - სტრასბურგის სასამართლოს მწვავე შეკითხვები "ოცნების" ხელისუფლებას

საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ სასამართლოში თავის მართლება კიდევ ერთ საქმეზე მოუწევს. საუბარია 20-21 ივნისს დაზარალებული ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების საქმეზე, რომელთა სახელითაც სტრასბურგის სასამართლოს საიას და EHRAC-მა მიმართეს. კითხვების ჩამონათვალი ვრცელია. იუსტიციის სამინისტროს პასუხების გასაგზავნად ვადა წლის ბოლომდე აქვს. 

ენმ-ს წევრი, ზაალ უდუმაშვილი თვლის, რომ თუკი გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მაშინ იმ ადამიანების პასუხისგების საკითხიც უნდა დადგეს, რომლებსაც 20 ივნისის ტრაგედიაში მიუძღვით წილი. 

თუ გამამატყუნებელი განაჩენი დადგება, ბუნებრივია, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, ვინც არის პასუხისმგებელი იმ ტრაგედიაზე, რომელიც დტრიალდა 20 ივნისს თბილისში. გამოგზავნილია კონკრეტული კითხვები, მათ შორის, კონვენციის მესამე მუხლთან დაკავშირებით, დაირღვა თუ არა მომიტინგეების უფლებები, დაირღვა თუ არა ჟურნალისტების უფლებები. მათ შორის, კითხვა იყო დასმული, რა ეტაპზეა გამოძიება საქართველოში და ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ, რომ პრაქტიკულად გამოძიება არც ჩატარებულა, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ამ ძალიან მწვავე კითხვებზე პასუხების გაცემა, - ამბობს უდუმაშვილი. 

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაში მიღება ვინმეს გამართლებას ან გამტყუნებას არ ნიშნავს. 

ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც შესაძლებელია სტრასბურგს მიიღოს კონკრეტული საქმე წარმოებაში. ეს არ ნიშნავს, რომ აქ ვინმე არის მართალი ამ ეტაპზე. იქნება პროცესი წარმართული და ამ პროცესის შედეგად იქნება კონკრეტული უწყებების მხრიდან ის პოზიციები წარმოდგენილი რა ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი და რა სამართლებრივი შეფასება შეიძლება მიეცეს. წინსწრებად მე ვერ და არ შევაფასებ, დაველოდოთ პროცესს, - ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი ტვ პირველის ჟურნალისტს მიმართავს და ამბობს, რომ მოლოდინები, რომელსაც მედია ქმნის, ხშირ შემთხვევაში არ მართლდება.

მოლოდინებს, რომლებსაც თქვენ ქმნით საზოგადოებაში, ხშირ შემთხვევაში ეს მოლოდინები არ მართლდება, - ამბობს დავით მათიკაშვილი. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საიას და EHRAC-ის მიერ 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებული ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების სახელით შეტანილი საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, საქმეებზე - ბაღაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და ქურდოვანიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, შესაბამისი კითხვებით მიმართა.
 

მსგავსი სიახლეები