აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

19.06.21 10:42
აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ფაქტზე დაკავებულია 1 პირი.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ.

მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 147 აბი და 5 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი. გ.შ.-ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ტოკარევის კონსტრუქციის პისტოლეტი, „ნაგანის“ სისტემის რევოლვერი და 18 საბრძოლო ვაზნა.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-6 ნაწილებით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს - აცხადებენ შსს-ში.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.