დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნა-გამოყენების ფაქტი - მხილებულია 4 პირი
იდენტიფიცირებულია 4 ბიზნესმენი, ვინც ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ყალბი აქტივები დაამზადა. ამ სქემით კი სახელმწიფო ბიუჯეტს ნახევარი მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. დანაშაულებრივი დაჯგუფების ოთხი წევრიდან 2 დაკავებეულია, დანარჩენებს კი საგამოძიებო უწყებამ ბრალი წარუდგნა. დანაშუალის დამტკიცების შემთხვევში ყველას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი თოთხმეტი კომპანიის სახელით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს ჯამში 514 641 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოყენებულ იქნა ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.
სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის დაფარვის უზრუნველსაყოფად, დაყადაღებულია ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბრალდებულებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.