გორგილაძის გადაცემის დაბრუნების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

16.12.23 13:11
გორგილაძის გადაცემის დაბრუნების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის" დაბრუნების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა - პეტიციის ორგანიზატორები პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათის ბერძენიშვილს მიმართავენ და ამბობენ, რომ გადაცემის დახურვა "არამოტივირებულია"

ირკვევა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ გადაცემების დახურვის მიზეზად რეორგანიზაციის პროცესები და ფინანსური პრობლემები დაასახელა. ბორდის სხდომა გუშინწინ ჩატარდა ტელევიზიაში. ბორდის წევრები "პირველებთან" ამბობენ, რომ სხდომაზე ფინანსური საკითხები განიხილეს, თუმცა არცერთი სიტყვა არ ყოფილა, რომ გადაცემების დახურვა იგეგმებოდა.

ლიკა ბასილაია და ლაშა ტუღუში არიან ის წევრები, რომლებმაც გუშინ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს. ბასილაია ამბობს, რომ ამ არხის ხელმძღვანელობას არ სურს, კრიტიკული და განსხვავებული მოსაზრებები გაისმას ტელევიზიაში.