ახალციხეში ხის ძირები მოაასფალტეს
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის დროს, ხის ძირები ასფალტით დაფარეს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის, ავთანდილ კაჭკაჭაშვილის კომპანია შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2“ ასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ sknews.ge ავრცელებს.
ხის ძირთან ასფალტი იმდენად მჭიდროდაა დაგებული, რომ წვიმის წყალი ფესვებამდე ვერ ჩავა, რაც ხეებსგაახმობს.
კაჭკაჭიშვილი კი საპირისპიროს მტკიცებს და ირწმუნება, რომ ხეები არ გახმება და სხვაგვარად ასფალტის დაგება ვერ მოხერხდებოდა.
როგორც იყო გაკეთებული ისე მივყვებით, უბრალოდ იქ ხესთან ცოტა ახლოსაა, ეგ შემოსუფთავდება საღამოს. ვერ იზავდნენ სხვანაირად, ხე არ დაზიანდება მაგით“,– ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ ავთანდილ კაჭკაჭაშვილი.
ახალციხეში ხანძთელის, მთაწმინდელის და თამარაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყო. სამუშაოებს კაჭკაჭაშვილის კომპანია 820 632 ლარად ახორციელებს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 2024 წლის 25 აპრილის უნდა დაასრულოს.
ცნობისთვის კაჭკაჭაშვილმა შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №2” თანამდებობის დატოვებიდან ექვს თვეში, გორში რეგისტრირებულ სამშენებლო ფრიმასთან შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1”-თან დააფუძნა.
ავთანდილ კაჭკაჭაშვილი გუბერნატორის მოადგილე 2013 წლის დეკემბრიდან 2018 წლის მარტამდე იყო.