ჯანდაცვის სამინისტრო წამლების ფასებზე კომპანიებს კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს

19.12.23 12:28
ჯანდაცვის სამინისტრო წამლების ფასებზე კომპანიებს კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს

წამლები, რომლებზეც რეფერენტული ფასები ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად იყიდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს.

მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში კი 1 000%, 2 000% და 3 000%-იანი ფასნამატით იყიდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მედიკამენტებს, დიდ ფარმაცევტულ ქსელებში, თითქმის, იდენტური ფასი აქვს. ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას. 

ჯანდაცვის სამინისტროსთვის წამლების ფასის ხელოვნური ზრდა მიუღებელია. არსებული არასამართლიანი ფასებითა და არაჯანსაღი კონკურენციით, სექტორი მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფის მიზნით, მოქალაქეებს აზარალებს. ნათელია, რომ მედიკამენტებზე არ ხდება თავისუფალი ფასწარმოქმნა, ბაზარზე მოქმედ დიდ ეკონომიკურ აგენტებს შორის, შეთანხმების საფუძველზე კი - იზღუდება ჯანსაღი კონკურენცია. მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს". - წერია სამინისტროს განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს. ასევე, სამინისტროში ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში, სახელმწიფო ამ წამლებზე რეფერენტულ ფასებს დააწესებს, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება.