ფიზიკური ანგარიშსწორება მოზარდების მიმართ - პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

19.12.23 17:09
ფიზიკური ანგარიშსწორება მოზარდების მიმართ - პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 19 დეკემბერს, ქ. ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური იტყობინება, რომ სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს.

ხელჩართული ჩხუბი ქუთაისში - არასრულწლოვნები ამტკიცებენ, რომ ისინი პოლიციამ იარაღის კონდახით სცემა, შემდეგ კი მამასთან ერთად დააკავა. 

ირკვევა, რომ დაპირისპირება თავდაპირველად სკოლის მოსწავლეებსა და პოლიციას შორის ჭავჭვაძის ქუჩაზე სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.

მოზარდების დედა ამტკიცებს, რომ ბავშვებს პოლიციამ მძიმე დაზიანებები მიაყენა, მათ გასაშველებლად ჩასული მამა კი საბოლოოდ ციხეში აღმოჩნდა.