თბილისის გარდა ხალხი რეაგირებას რეგიონებშიც ითხოვს - ხაშურში მიუსაფარმა ძაღლებმა 4 ადამიანი დაკბინეს
თბილისის გარდა ხალხი რეაგირებას რეგიონებშიც ითხოვს - ბოლო 24 საათის განმავლობაში, შიდა ქართლში მიუსაფარი ცხოველის მიერ დაკბენილი 4 ადამიანი კლინიკაში მოხვდა, ექვსმა პირმა კი ექიმებს აცრისთვის მიმართა.
შიდა ქართლში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარი არსებობს, თუმცა ხალხი ამბობს, რომ ეს უწყება არ მუშაობს და უფუნქციოა, რადგან ერთდროულად 4 ქალაქს ემსახურება.
ამავდროულად, მიუსაფარ ცხოველებს მხოლოდ კასტრაციის პროცედურას უტარებენ, რის შემდეგაც კვლავ ქუჩაში უშვებენ.
დაზარალებულთა თქმით, ქუჩაში გადაადგილება საფრთხისშემცველია, რადგან მიუსაფარი ცხოველები მათ მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან.
სამჯერ დამგლიჯა ძაღლმა. დღისით, მზისით, ქუჩაში მივდიოდი და დამგლიჯა. კვება უნდათ, პატრონი უნდათ ნორმალური, როგორც ადამიანს, ისე ძაღლს უნდა, თავიანთი ბინა უნდათ. არ შეიძლება ასე გაშვება, უნდა იყვნენ დახურულ სივრცეში, ეზოები იქნება, თუ რაც იქნება", - განაცხადა ერთ-ერთმა დაშავებულმა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხაშურის საკრებულოს დეპუტატი, ეკა პაპუაშვილი "პირველებთან" აცხადებს, რომ მიუსაფარი ცხოვლების პრობლემის აღმოსაფხვრელად სახელმწიფომ 2023 წელს ბიუჯეტიდან 228 ათასი ლარი გამოყო, თუმცა ამ დრომდე ხალხის სასიკეთოდ არანაირი შედეგი არ დამდგარა.
უპატრონო ცხოველების პრობლემა ხაშურში დგას საკმაოდ დიდი სიმწვავით. ფაქტობრივად, საღამოს გარეთ გამოსვლა ფეხით არის შეუძლებელი, რადგან არიან აგრესიულები, გადმოდიან აგრესიაზე და აშინებენ ადამიანებს. 2023 წელს ბიუჯეტში გამოყოფილი იყო 228 000, თუმცა ფაქტი ის არის, რომ რეალურად ეს თანხა დაიხარჯა, მაგრამ შედეგი არაფერი არ გვაქვს და ისევ ის მდგომარეობა გვაქვს. 2024 წლის ბიუჯეტში უკვე არის 224 ათასი გამოყოფილი, მაგრამ ეს 224 000 ისე დაიხარჯება, რომ შედეგი არ იქნება", - აღნიშნა ეკა პაპუაშვილმა.