არ დაუტოვებია საკონტაქტო ნომერი - ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილ 17 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ

20.12.23 15:32
არ დაუტოვებია საკონტაქტო ნომერი  - ცოფიანი ძაღლის მიერ დაკბენილ 17 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ

მიუსაფარი ცხოველების პრობლემა, რომელსაც ხელისუფლება წლებია არ იმჩნევს - თბილისში 24 საათზე მეტია 17 წლის ახალგაზრდას ეძებენ. ბიჭის კვალზე, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა, შემდეგ კი ცხოველი ცოფით მოკვდა, ვერცერთი უწყება ამ დრომდე ვერ გავიდა.

მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა კი დედაქალში ყოველდღე იზრდება. ხალხი დახმარებას ითხოვს, თუმცა ხელისუფლება არ რეაგირებს. არაფერს აკეთებს არც მონიტორინგს სამსახური, რომელიც ბიუჯეტიდან მილიონებით ფინანსდება. ცხოველთა უფლებების დამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს უწყება არ ფუნქციონირებს. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს არაფერი არ უთქვამს არც თბილისის მერს, რომელმაც მთავრობის სხდომა გამართა.

ჯაბა ბოლაშვილი, რომელიც ფაქტს შეესწრო "პირველებთან" აცხადებს, რომ ძაღლი, რომელმაც 17 წლის ბიჭს თითზე კბილი გაკრა, მომხდარიდან 20 დღის შემდეგ მოკვდა, თუმცა მას მოზარდის ოჯახის წევრები არ დაკავშირებიან. მიუსაფარი ცხოველის ლეში პათმასალის ლაბორატორიაში გადაიყვანეს და შესაბამისი პროცედურები ჩაუტარეს, რის შედეგადაც მას ცოფი დაუდგინდა.

მამა და შვილი იყვნენ, მე რამდენადაც მახსოვს. ეს ბიჭი, დაზარალებული არასრულწლოვანი იყო, დაახლოებით 14-იდან 18-წლამდე. მე მთხოვა მამამისმა, რომ ჩემი შვილი ძაღლს მოეფერა თავზე და თითზე გაკრა კბილი. სავარაუდოდ, 10 დღე იყო გასული საბოლოოდ რომ იყო მოსული ჩემთან და დაიმედებული წავიდა მამა, რომ ძაღლი ცოცხალია. არ დაუტოვებია საკონტაქტო ნომერი და აღნიშნული ფაქტის შემდეგ გავიდა დაახლოებით 20 დღე, როდესაც ძაღლი მკვდარი შევამჩნიე. ბატონი ირაკლი აბელაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც ლეში გადაიტანა შესაბამის სამსახურში შესამოწმებლად და მეორე დღეს დამიკავშირდნენ, რომ დადგინდა აღნიშნულ ძაღლთან მიმართებით ცოფი", - აღნიშნა ჯაბა ბოლაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, უწყებამ მყისიერად გაატარა შესაბამისი ღონისძიებები, ხოლო ახლა უკვე თბილისის მერია აწარმოებს სისტემატურ ვაქცინაციასა და მონიტორინგს მიმდებარე ტერიტორიაზე.

ჩვენ მიერ მოხდა დაღუპული ძაღლის პათმასალის ლაბორატორიაში გადატანა, სადაც ლაბორატორიულად დადასტურდა ცოფი. სააგენტომ მყისიერად გაატარა შესაბამისი ღონისძიებები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვაცნობეთ ჯანდაცვას და ამ წუთებში თბილისის მერიის მონიტორინგის სამსახურთან ერთად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რაც გულისხმობს ავალდებულო ვაქცინაციას და მონიტორინგს მიმდებარე ტერიტორიაზე", - განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.