თუ აუქციონს არ შეაჩერებთ, ქობულეთიდან ხმებს ვერ მიიღებთ - ხმაური აჭარის უზენაეს საბჭოში

21.06.21 15:11
თუ აუქციონს არ შეაჩერებთ, ქობულეთიდან ხმებს ვერ მიიღებთ - ხმაური აჭარის უზენაეს საბჭოში

ხმაური და დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში. ,,თუ აუქციონს არ შეაჩერებთ, ქობულეთიდან ხმებს ვერ მიიღებთ" -  ემუქრებოდნენ დღეს ,,ქართულ ოცნებას" ბათუმში ბობოყვათიდან საგანგებოდ ჩასული მოქალაქეები. უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა  მიწების გასხვისების თემას მიეძღვნა.  სხდომის პარალელურად უზენაეს საბჭოსთან ბობოყვათის მკვიდრთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

აჭარის ადგილობრივი მთავრობა სხდომაზე ამტკიცებდა, რომ მიწა სახელმწიფოს საკუთრებაა და მოგების მიზნით უნდა გაყიდოს. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის, განცხადებით, მიწა, რომელზეც პრეტენზიას ბობოყვათში მაცხოვრებლები აცხადებენ, 2008 წლიდან სახელმწიფო საკუთრებაშია რეგისტრირებული.
სხდომაზე იმყოფებოდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ოპოზიცია საკითხით მანიპულირებას ცდილობს და სხდომის მონაწილეებს მიწის საკუთრების რეგისტრაციის სამართლებრივ მხარეზე ესაუბრება. მისი თქმით, ამ დრომდე ამ მიწების საკუთრებაში აღიარებასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაცია არ ყოფილა წარმოდგენილი.
უმაღლეს საბჭოში სხდომაზე იმყოფებოდა ბობოყვათის რამდენიმე მცხოვრები. ერთ-ერთი მათგანმა, რომელიც გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაშიც მონაწილეობდა, აღნიშნა, რომ თუკი ამ მიწებს, ჯამში, 28 ჰექტარს, ხელისუფლება აუქციონზე გაიტანს, ისინი არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.

ოქტომბერში ჩვენ მთელი სოფელი ბოიკოტს გამოვუცხადებთ არჩევნებს, მონაწილეობას არ მივიღებთ და ქობულეთიდან დაიწყება სამართლიანობის აღდგენა. თავი შეიკავეთ ამ მიწების გასხვისებისგან.
ნუ გვიგზავნით ზონდერპოლიციელებს, ნუ მაკარგვინებთ ქონებას. სისასტიკე გამოიჩინა პოლიციამ გუშინ აქციაზე ჩვენ მიმართ, გლეხი ხალხის საქმე გულთან მიიტანეთ“, – თქვა მოქალაქემ.

მან რამდენჯერმე ჰკითხა მინისტრს – აპირებს თუ არა აუქციონის შეჩერებას? რაზეც ვერ მიიღო პირდაპირი პასუხი.

თუ აუქციონს ჩაატარებთ, ჩვენ მაშინ ჩვენს საქმეს მივხედავთ, ელჩებსაც ჩავრთავთ საქმეში და თქვენ მოგიწევთ უკან დახევა. 10 ათასი განაცხადია ქობულეთის მერიაში საკუთრების აღიარებაზე, ყველა მათგანი მიკავშირდება და ხვდებით ალბათ, რა იქნება“, – განაცხადა მოქალაქემ.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სანამ ხელისუფლება მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, აუცილებლად უნდა შეხვდეს ბობოყვათის მოსახლეობას.

„სხვა შემთხვევაში, ეს პრობლემა გადაიქცევა ისეთ პრობლემად, რაც გვქონდა გონიოში“, – აცხადებს ოპოზიცია.
აჭარის მთავრობა ბობოყვათში 28 ჰექტარი მიწის გასხვისებას აპირებს აუქციონის წესით, შემდგომი ინვესტიციის განხორციელების პირობით. მოქალაქეების ერთი ჯგუფი ამ ფაქტს აპროტესტებს და აცხადებს, რომ ეს მიწები მათი ისტორიული საკუთრებაა. მათ პროტესტის ნიშნად რკინიგზაც კი გადაკეტეს, რა დროსაც პოლიციამ 4 პირი დააკავა.

ამ წუთებში აჭარის უზენაეს საბჭოში შესვენება გამოცხადდა. აქცია კი გრძელდება.