"შვილიშვილები დამიწიოკეს, რძალს ხელები გადაუგრიხეს" - პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ - საქმე ეხება სოფელ ატენში სამართალდამცველების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის ფარგლებშიც, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ბრალდებით, 8 ადამიანი დააკავეს.
დაკავებულების ოჯახის წევრები "პირველებთან" ამბობენ, რომ სპეცოპერაცია მოზარდების თვალწინ ჩატარდა, დაკავებისას კი პოლიციამ ერთ-ერთი პირის ცოლს მობილური ტელეფონი წაართვა.
"შვილიშვილები დამიწიოკეს, რძალმა აიღო ტელეფონი გადასაღებად, რის გამოც გადაუგრიხეს ხელი და წაართვეს", - ამბობს დაკავებულის მამა.
შევიდნენ უცებ, გადმოაგდეს მძინარი, დაასხდა 6 კაცი და დაადეს ბორკილები და წაიყვანეს. უთქვამს, რაზე მიჭერთ, დაიცა, ან შარვალი ჩავიცვა, ან წინდებიო. შვილიშვილები დამიწიოკეს, რძალმა აიღო ტელეფონი გადასაღებად, გადაუგრიხეს ხელი და წაართვეს. შარშან დეკემბერში წამართვა, კამაზი მომყავდა დატვირთული ხით, რა გინდათ ჩვენგან-მეთქი, ცნობა მომეცით, რომ წამართვით ხე. ამ ცნობას ვერ მოგცემთო. რატომ ვერ მომცემთ-მეთქი. იმიტომ ვერ მოგცემთ, რომ ჩვენ სიტყვიერი დავალება გვაქვს მიღებულიო", - აღნიშნა ერთ-ერთი დაპატიმრებულის ოჯახის წევრმა.
8 დაკავებულიდან 6-ს ხე-ტყის უკანონო მოპოვებას ედავაბიან. რაც შეეხება ორ პირს, რომლებიც სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით აიყვანეს, ისინი პოლიციამ რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლა.
დაკავებულები ხაშურისა და ბაკურიანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილები.