მგონია, რომ კადრები ფაბრიკაციაა - მეუფე ნიკოლოზი EU-ს დროშის დაწვაზე
EU-ს დროშის დაწვის კამპანია - ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტს მეუფე ნიკოლოზს მიაჩნია, რომ კადრები ფაბრიკაციაა.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, სასულიერო პირების ზნეობრივი ტიპის გადაცდომასთან დაკავშირებით საპატრიარქოს აქვს შესაბამისი კომისია, თუმცა ამ კომისიაში იმ სასულიერო პირის დაბარებას, რომელმაც გავრცელებული ვიდეო-კადრების მიხედვით ევროკავშირის დროშა დაწვა, ვერ ხედავს, რადგან ფიქრობს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ამბობს, რომ ამ დროში ვიდეოებსაც ვერ ენდობა ადამიანი.
კომისია არსებობს და თუ საჭიროა ეს კომისია მოახდენს რეაგირებას. საუბარია ზნეობრივ, სინოდალურ კომისიაზე, რომელიც სასულიერო პირების ზნეობრივ გადაცდომებს განიხილავს. თუ საჭიროა ისინი დაიბარებენ, მე არ ვიცი. ზნეობრივი ტიპის დარღვევაა, თუ არის ისიც საკითხავია. მე არ მგონია, რომ ეს დროშის დაწვის ფაქტი სიმართლე იყოს. მე ეჭვი მეპარება , ჩვენს დროში ვიდეოებსაც ვერ ენდობა ადამიანი. მე ფოტოც ვნახე და ისეთი დამონტაჟებულია ის ფოტო, რომ არ მჯერა ამისი, ამიტომაც, შესაბამისად ვერც რეაგირებას ვერ მოვახდენ. მე მგონია რომ ეს არის ფაბრიკაცია", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
ამ დრომდე უცნობია, დაიბარა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ რომელიმე ადამიანი გამოკითხვაზე, ვინც ევროკავშირის დროშა საჯაროდ დაწვა და დემონსტრაციულად ვიდეოც გადაიღო.
პრორუსი რადიკალები მასობრივი არეულობით იმუქრებიან. კანდიდატის სტატუსის მიღებიდან ერთ კვირაში ალტ-ინფომ ევროკავშირის დროშების დაწვის კამპანია დაიწყო. წვავენ დემონსტრაციულად, ამ დანაშაულს იღებენ და სოციალურ ქსელში ავრცელებენ. მათ შორის სასულიერო პირებიც. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ამბობენ, რომ დროშების დაწვა მხოლოდ დასაწყისია და თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება უფრო რადიკალურ ზომებზე გადავლენ.
ალტ-ინფოს წევრები ლაშა შარუხიას გათავისუფლებას ითხოვენ. ამბობენ, რომ კამპანია თვითორგანიზებულია და სოლიდარობას უცხადებენ მათ თანამებრძოლს, რომელიც პატიმრობაშია.