ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები პრეზიდენტის სასახლეში - "პირველების" ექსკლუზიური კადრები
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები პრეზიდენტის სასახლეში. ცოტა ხნის წინ, "პირველებმა" გადაიღო ექსკლუზიური კადრები როგორ შედიან, 7-9 მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარეს იურისტები სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაშია. ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ მაღალჩინოსანთან შედგა, რომელიც შეწყალების საკითხებს კურირებს. იურისტები სასახლეში საბუთებით შევიდნენ, სავარაუდოდ ეს ლაზარეს საქმის მასალები იყო.
ჩვენი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ლაზარეს შეწყალების საკითხის შესწავლას იწყებს.
ათონელის რეზიდენციიდან გამოსული ადვოკატები ამბობენ, რომ შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.
ჩვენ არა მარტო ლაზარეს საქმის, არამედ სხვა საქმის ადვოკატებიც ვართ. ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ შეხვედრის შესახებ. შეწყალებაზე ჯერ ნაადრევია კომენტარი გაკეთება, რადგან ჯერჯერობით, სასამართლოს მხრიდან ოფიციალური გადაწყვეტილება არ დამდგარა, ამიტომ შეწყალების კუთხით, თუნდაც კონსულტაციების გავლა, ვფიქრობ, რომ ნაადრევია. დაველოდოთ, სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება, ჩვენი უფლებაა და აუცილებლად მივმართავთ პრეზიდენტს. შეხვედრა არ გამართულა, დღევანდელთან დაკავშირებით ვერ გიპასუხებთ ", - აცხადებენ ლაზარეს ადვოკატები.
აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით, "პირველების" კითხვებს არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ანგი ხუციშვილი პასუხობს.
ლაზარეს განაჩენის გამოცხადებამდე სამი სხდომაა დარჩენილი. გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში ერთდაერთი ინსტიტუტი, რისი იმედიც ბრალდებულის ადვოკატებს და ოჯახის წევრებს აქვთ პრეზიდენტია. სწორედ სალომე ზურაბიშვილის ხელშია ის გასაღები, რომელმაც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილე მრავალწლიანი პატიმრობიდან უნდა იხსნას.