ზვავსაშიშროება და ტრაილერების კილომეტრიანი რიგები - ლარსის გამშვები პუნქტი ჩაკეტილია
ლარსის გამშვები პუნქტი ჩაკეტილია. რუსეთისკენ მიმავალ გზაზე ზვავსაშიშროების მაღალი რისკი არსებობს. უამინდობის გამო ლარსზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ავტომობილებს არც საქართველოში უშვებენ და არც ქვეყნის გარეთ.
უკვე მესამე დღეა ლარსზე ტრაილერების კილომეტრიანი რიგები დგას. საცობები ფასანაურიდან იწყება. ასობით მძღოლი გზის გაგრძელებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. გზა იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი, თუმცა ვითარებას გადაუღებელი თოვა ართულებს.
გავჩერდით, ალბათ დაკეტილია და ველოდებით გასვლას. უკვე მესამე დღეა გაჩერებული ვარ. "პერევალის" მეორე მხარეს ჩემი მეგობრები დგანან, რომ ვურეკავ, მეუბნებიან, რომ დაკეტილია. მემგონი, ერთი 5 დღე მოგვიწევს კიდევ დგომა, - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.