სავარაუდო ძალადობა პოლიციის მხრიდან - ოჯახის მტკიცებით, ხონში პოლიციამ 27 წლის ახალგაზრდა სცემა

22.06.21 11:14
სავარაუდო ძალადობა პოლიციის მხრიდან - ოჯახის მტკიცებით, ხონში პოლიციამ 27 წლის ახალგაზრდა სცემა

მორიგი სავარაუდო ძალადობა პოლიციის მხრიდან  - ხონში 27 წლის ახალგაზრდის ოჯახი სამართალდამცველს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, შსს-ს თანამშრომელმა მიხეილ ქარჩხაძემ ახალგაზრდა კომენდანტის საათის დროს სცემა. თორნიკე კაკაურიძე ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას ოპერაცია უტარდება.

დაზარალებულის მამა „პირველებთან“ შემთხვევის შესახებ ჰყვება. 

გადმოვიდა ბატონი ქარჩხაძე მანქანიდან. ჩემს შვილს მანქანაში ჩაარტყა ორჯერ. მერე გამოგლიჯა კარი, გადმოიყვანა ძირს, წააქცია, სცემა უმოწყალოდ. დაარტყა ზემოდან და ურტყამდა და ურტყამდა. რას მერჩითო? მერე იქ ხალხი იყო, დამნახავები. მერე მეორე, ქარჩხაძის თანამშრომელმა ავტომატი ამოიღო მანქანიდან და ყველა მანქანამ ხელები დააწყვეთ და ფეხები გაშალეთო. ფეხი დამტვრეული ჰქონდა ორ ადგილზე, ცხვირიდან, პირიდან სისხლი მოსდიოდა, ნეკნი გატეხილი აქვს, ლავიწი გატეხილი აქვს, - ამბობს კაკაურიძის მამა.  

ოჯახი გენერალურმა ინსპექციამ გამოკითხვაზე უკვე დაიბარა.

ღამით მოხდარის სხვა ვერსიას ავრცელებს შსს. უწყების ინფორმაციით, ნაცემია ხონის პოლიციის თანამშრომელი, მასზე თავდამსხმელი თორნიკე კაკაურიძე კი დაკავებულია. გომელაურის უწყების განმარტებით,  ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი თორნიკე კაკაურიძე კომენდანტის საათის დროს გადაადგილდებოდა. პოლიციის შენიშვნაზე ახალგაზრდამ სამართალდამცველს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  უწყების განცხადების თანახმად, დაკავების დროს დაზიანებები მიიღო როგორც პოლიციელმა, ისე დაკავებულმა. 

სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.