EU-ს დროშა არსად არ უნდა ეკიდოს - მორგოშია იმუქრება
EU-ს დროშა არსად არ უნდა ეკიდოს - პრორუსი რადიკალების ლიდერი კოკა მორგოშია იმუქრება და ამბობს, რომ რაც უფრო მეტ ადამიანს დაიბარებენ გამოკითხვაზე ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე და რაც მეტ ჯარიმას გამოწერენ, მით უფრო პერმანენტულ ხასიათს მიიღებს EU-ს დროშის დაწვის კამპანია.
მორგოშია "პირველებთან" პირდაპირ ამბობს, რომ ჯარიმებით ვერ შეაშინებენ.
ჩემი აზრით, უფრო მეტი საერო და სასულიერო პირი უნდა შემოუერთდეს ამ აქციას, იქიდან გამომდინარე, რომ სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ ლაშას და მე ველოდები, რომ უფრო და უფრო მეტი ხალხი ჩაერთვება. ევროკავშირის დროშა საერთოდ არსად არ უნდა ეკიდოს, უნდა ეკიდოს საქართველოს დროშა, მორჩა. რაღაცა ევროკომისიების ოფისები რომაა, იქ თუ უნდა დაკიდონ, ეს რა ჩვენი საქმეა, მაგრამ პოლიტიკოსები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იბრძვიან რომ საქართველოს უკუღმართი დღის წესრიგი მოახვიონ, მაგათი დროშა არ უნდა ეკიდოს, ცხადია და არც ეკიდება. მობეზრდებათ ამ ევროკავშირის დროშების ჩამოკიდება-ჩამოხევები და ბოლობოლო მიხვდებიან, რომ არ უნდა დაკიდონ. მე გამოკითხვაზე არ დავუბარევბივარ არავის, არ მაქვს ინფორმაცია, რამდენი ადამიანი დაიბარეს. ბევრი დაიბარეს, გამოკითხეს, ჯარიმები დაუწერეს, მაგრამ როდის იყო ჩვენ ჯარიმებით ვინმეს დავუშინებივართ, პირიქით, რაც მეტს დაიბარებენ და რაც მეტ ჯარიმას დაწერენ, უარეს შედეგს მიიღებენ", - ამბობს კოკა მორგოშია.
კანდიდატის სტატუსის მიღებიდან რამდენიმე დღეში ალტ-ინფომ ევროკავშირის დროშების დაწვის კამპანია დაიწყო. წვავენ დემონსტრაციულად, ამ დანაშაულს იღებენ და სოციალურ ქსელში ავრცელებენ. მათ შორის სასულიერო პირებიც. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ამბობენ, რომ დროშების დაწვა მხოლოდ დასაწყისია და თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება უფრო რადიკალურ ზომებზე გადავლენ.
ალტ-ინფოს წევრები ლაშა შარუხიას გათავისუფლებას ითხოვენ. ამბობენ, რომ კამპანია თვითორგანიზებულია და სოლიდარობას უცხადებენ მათ თანამებრძოლს, რომელიც პატიმრობაშია.