საჯარო მიხელე ვარ, არაერთი მადლობა მაქვს მიღებული ხალხისგან - დეპუტატზე თავდასხმაში ბრალდებულები ციხეში გაუშვეს

25.12.23 14:44
საჯარო მიხელე ვარ,  არაერთი მადლობა მაქვს მიღებული ხალხისგან - დეპუტატზე თავდასხმაში ბრალდებულები ციხეში გაუშვეს

 დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული 6 პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან პროკურატურამ სხდომაზე საფრთხეები დაასახელა.

ირკვევა, რომ ეძგვერაძის ცემის შემდეგ მოძალადეები საზღვრის გადაკვეთას და მიმალვას  ცდილობდნენ. 

პროკურორის გამოსვლის დროს დარბაზში ვითარება დაიძაბა - შოთაძის უწყების წარმომადგენლის გამოსვლას ბრალდებულები აპროტესტებდნენ.

თავადპირველად, ექვსი ბრალდებულიდან თავი დამნაშავედ სრულად ცნო ხუთმა პირმა: ბექა ავსაჯანაშვილი, ლაშა ამირანაშვილი, მირიან სვანიძე, ელგუჯა ჩოხელი და გიორგი ქიშმარია. ტატო ხუნდაძე კი, დუმილის უფლებას იყენებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ გამოაცხადა, ბრალდებულთა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.

ადვოკატების თქმით, საქმის წარმოება საერთოდაც უნდა შეწყდეს, რაც დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ  შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ 3000 და 5000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

„ჩვენ ამ ცირკში არ მივიღებთ მონაწილეობას. როგორ დავმშვიდდე, როცა არასწორ გადაწყვეტილებას იღებთ“, - მიმართა მოსამართლეს ერთ-ერთმა ბრალდებულმა გიორგი ქიშმარიამ. 

აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებამდე ტატო ხუნდაძემაც. 

ბრალდება არის უსაფუძვლო. ალოგიკურია საუბარი იმაზე, რომ გამოძიებას ხელს შევუშლი, რადგანაც გამოძიება უკვე დასრულებულია. ბატონო მოსამართლე, მინდა, რომ ჩემი, როგორც 27 წლის ბიჭის, თბილისელის აზრი მოისმინოთ. თუ რამე ჩავიდინე ეს უნდა იყოს გამოსწორებადი. მომხდარიდან სახლში წავედი. მეგობრებმა დამპატიჟეს, ბათუმში მივდიოდი ჩემი კუთვნილი მანქანით. ასეთი გაუნათლებელი გგონივართ, რომ გაქცევა მინდოდა და ეს ასეთი უსუსური მეთოდით მინდოდა? მინდა პროკურორებს გაგაცნოთ ჩემი თავი, მე არ ვარ საფრთხის შემცველი. 27 წელია, ჩემით გავაკეთე ყველაფერი, მაქვს განათლება, ბიზნესმენი არ ვარ. 6 წელია საჯარო მიხელე ვარ, ამ დროის განმავლობაში არაერთი მადლობა მაქვს მიღებული ხალხისგან. ბატნო მოსამართლე, მხოლოდ როგორც ბრალდებული ისე არ გესაუბრებით, გესაუბრებით, როგორც ადამიანი. ჩვენ არ ვართ მოძალადეები, საზოგადოებისთვის საშიში. გთხოვთ მთელი გულით, როგორც ბრალდებული არა, როგორც ადამიანი ადამიანს, რომ კარგად დაფიქრდეთ და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება. მაქვს რეპუტაცია და პატივისცემა საზოგადოებისგან. სანამ არის დრო მომეცით შესაძლებლობა გადავარჩინო ჩემი კარიერა“, - განაცხადა ტატო ხუნდაძემ.