ორივე პოლიციელი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში - თვითმხილველი ხონის ინციდენტზე

22.06.21 13:15
ორივე პოლიციელი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში - თვითმხილველი ხონის ინციდენტზე

ჩხუბი ხონში პოლიციელის მონაწილეობით - ახალგაზრდა, რომელიც ამტკიცებს, რომ შსს-ს თანამშრომელმა სცემა, დაკავებულია. თორნიკე კაკაურიძეს ფეხი აქვს მოტეხილი და ის საავადმყოფოშია. 

ინციდენტის შესახებ თვითმხილველი პირები ჰყვებიან, რომ თორნიკე კაკაურიძეს სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. მათი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში თავად პოლიციელები იყვნენ, რომლებმაც კაკაურიძე ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

გააჩერეს პოლიციელებმა და ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე დაემორჩილა ჩემი მეგობარი მათ, თუმცა პოლიციელი მისვლისთანავე გადავიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ხელი დააარტყა. გვაქვს ასევე, დადასტურებული ინფორმაცია, რომ ორივე პოლიციელი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. რესტორნიდან გამოსულები გადაეყარნენ მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ გზაზე კომენდანტის საათს დროს, - ამბობს თვითმხილველი.

ფაქტს, რომ პოლიციელები ინციდენტამდე რესტორანში იმყოფებოდნენ, ადასტურებს აღნიშნული ობიექტის ადმინისტრაციაც. მათი განმარტებით, სამართალდამცველებმა ლუდი შეუკვეთეს. 

ძალადობის ამ ვერსიას უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათი ვერსიით, დაზიანება ახალგაზრდამ დაკავების დროს მიიღო, როდესაც ფეხი თხრილში ჩაუვარდა. უწყების ინფორმაციითვე, დამნაშავე თავად თორნიკე კაკაურიძეა, რომელმაც პოლიციელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკური შეუურაცხყოფა მიაყენა.