კანაფის მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა ისხდნენ - იაგო ხვიჩია

22.06.21 14:33
კანაფის მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა ისხდნენ - იაგო ხვიჩია

პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე დღეს ,,გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე ისაუბრა. იაგო ხვიჩიამ ხელისუფლებას მოსთხოვა, გაათავისუფლოს მისი მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირები.

2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ამ ქვეყანაში მარიხუანას მოხმარება ლეგალურია. მანამდე ამას წინ დეკრიმინალიზაციის პროცესი უძღოდა. შემდეგ ვიცით, რომ ეს პროცესი შეჩერდა და საქართველოში ჩამოსული სტუმრები, ტურისტები, გაუგებარ სიტუაციაში ხვდებიან, როცა ჰგონიათ, რომ საქართველოში კანაფის მოხმარება ლეგალურია, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება, ისინი პრობლემებში აღმოჩნდნენ. დღეს კანაფის ლეგალიზაციაზე საუბარს არ ვაპირებ და ვფიქრობ, ეს მომავლის საქმეა და ჩვენ აქამდე მოვალთ.

ჩვენ მალე სასამართლოზე დავიწყებთ მსჯელობას, თუ რომელი მოსამართლე იქნება უფრო კეთილსინდისიერი. შემირცხვენია ის მოსამართლე, ვინც ამას ეგუება, რომ 10 წელი მისაჯოს ადამიანს, რომელსაც არასოდეს არაფერი დაუშავებია, რომელიც საკუთარი მოხმარებისთვის კანაფის პროდუქტს ინახავს.

მურუსიძე და ჩინჩალაძე კი არ არის ამ სასამართლოს პრობლემა, არამედ ის იდეა, რაც გამეფებულია და ამ ქვეყნის საუკეთესო შვილებს ციხეში 10 და 15 წლით კეტავს. სრულიად უმიზეზოდ, არგუმენტის გარეშე. ეს ბოროტებაა მთავარი პრობლემა, რომელიც უნდა შევცვალოთ. 

თუ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება გვსურს, როგორც შევთანხმდით პარლამენტის წინ ბარიკადების აღებაზე, უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, სანამ კანაფის ლეგალიზაციას გავაკეთებთ, უდანაშაულო ადამიანები ციხეში არ უნდა გვეჯდნენ, ლეგალური  პროდუქტის მოხმარების გამო - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის  ბოლო კვირა დაიწყო. დეპუტატები სხდომაზე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.