20-21 ივნისის მოვლენებზე შსს-ს მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 – 50 000 ლარის ოდენობით დაეკისრა - სააპელაციოს გადაწყვეტილება

27.12.23 19:07
20-21 ივნისის მოვლენებზე შსს-ს მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 – 50 000 ლარის ოდენობით დაეკისრა - სააპელაციოს გადაწყვეტილება

 

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების სასარგებლოდ შეცვალა გადაწყვეტილებები. ამის შესახებ ინფორმაციას საია ავრცელებს.

შს სამინიტროს მორალური ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულების  სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაეკისრა სიცოცხლის ბოლომდე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შს სამინისტროს საჩივარი და ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაზარალებულების სააპელაციო სარჩელი. 

დღევანდელი გადაწყვეტილებით 20 ივნისს დასახიჩრებულებს  გომელუარის უწყებამ 50 ათასი ლარი მორალური ზიანისთვის უნდა გადაუხადოს. ერთ-ერთ დაზარალებულს გიორგი სულაშვილს კი 780 ლარი ყოველთვიურად. დაზარალებულების ინტერესებს სასამართლოში ახალგარზდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა, ერთ შემთხვევაში, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 30 000 ლარის და ყოველთვიურად სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო მეორე დაზარალებულის, კერძოდ, გიორგი სულაშვილის შემთხვევაში, მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით, სარჩოს გადახდის ვალდებულება კი არ დააკისრა.[1]

საიას ცნობით, 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე - ნინო ყანჩაველი) მოსარჩელეთა სასარგებლოდ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები და ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაზარალებული პირების სააპელაციო საჩივრები. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, ორივე მოსარჩელის სასარგებლოდ სამინისტროს დაეკისრა 50 000 – 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება, ხოლო გიორგი სულაშვილის სასარგებლოდ სამინისტროს დაეკისრა ყოველთვიური სარჩო 780 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში არაა შესული", - ნათქვამია საიას განცხადებაში.