ქარმა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე შუქნიშანი მოატრიალა (ფოტო)
ძლიერი ქარი თბილისში - ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე შუქნიშანი მოატრიალა.
მძიმე ვითარებაა სხვადასხვა რაიონში, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ქალაქში არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები. წაქცეული ხეები რამდენიმე ავტომობილს დაეცა და დააზიანა.
სადგურის მოედანზე ქარმა რკინის ბილბორდი მოგლიჯა, დაზიანდა ავტომობილი. ვარკეთილსა და დიდ დიღომში ნაგვის ურნები ქარს მიჰქონდა.
ძლიერმა ქარმა ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე სარეკლამო ბანერები ჩამოგლიჯა.
დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.
მერიაში აცხადებენ, რომ ძლიერმა ქარმა გარკვეული პრობლემები თბილისის სხვადასხვა რაიონებში შექმნა. მათი ცნობით, რამდენიმე მისამართზე წაქცეულია ხეები, დამტვრეულია ხის ტოტები, დაზიანებულია ქალაქში არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურა და საახალწლო მორთულობები, წაქცეული ხეები რამდენიმე ავტომობილს დაეცა და დააზიანა.
"ძლიერმა ქარმა განსაკუთრებით პრობლემები გლდანის რაიონში შექმნა. ასევე, თბილისში რამდენიმე კერძო სახლს სახურავები გადახადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და რაიონული გამგეობების თანამშრომლები დილიდან მობილიზებულნი არიან და ადგილზე იმყოფებიან. ისინი ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ", - აცხადებენ მერიაში.