ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ მის მეუღლეს გარკვეული კონტაქტი ჰქონდა გარდაცვლილთან - პროკურორი ჯარისკაცის მკვლელობის სავარაუდო მოტივზე
ჯარისკაცის მკვლელობა თბილისში - ხმაურიანი საქმის პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე დანაშაულის სავარაუდო მოტივზე საუბრობს და ამბობს, რომ სავარაუდოდ, ბრალდებულის მეუღლეს გარკვეული კონტაქტი ჰქონდა გარდაცვლილთან და სწორედ ეს გახდა სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი ნათელ-მირონებს შორის.
პროკურორის თქმით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებულმა ერთადერთი, ვისაც მომხდარის შესახებ შეატყობინა, მისი უშუალო ხელმძღვანელი იყო.
ნიშნიანიძე ასევე საუბრობს კამერების ჩანაწერებზე და ამბობს, რომ მიმდინარეობს ახლომდებარე ტერიტორიაზე არსებული კამერების გამოთხოვის პროცედურები, რაც სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება საქმეში.
რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, რომელიც საქალაქო სასამართლოში იმართება, ბრალდების მხარე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
დღევანდელ სხდომაზე მოვითხოვთ ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას. ამის საფუძველს გვაძლევს ბრალად წარდგენილი დანაშაულის ხასიათი და საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
არსებობს იმის დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. მოტივს რაც შეეხება, დაკავებულისთვის ცნობილი გახდა, რომ მის მეუღლეს გარკვეული კონტაქტი ჰქონდა გარდაცვლილთან და ეს გახდა მოტივი შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით ჩაედინა განზრახ მკვლელობა.
არსებული ინფომაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება არ უძღოდა. რაც შეეხება კამერებს, მიმინარე ტერიტორიაზე არსებობს კამერები, მიმდინარეობს პროცედურები გამოთხოვასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მოწმეებს, ისინი გამოკითხული არიან, რაც შეეხება უშუალოდ შემსწრე მოწმეს, ასეთი არავინ არის, ერთადერთი ადამიანი, ვისაც
ბრალდებულმა შეატყობინა იყო მისი უშუალო ხელმძღვანელი და ხელმძღვანელმა გამოიკითხვის შედეგად დაგვიდასტურა ეს ფაქტი.
ბრალდებული, როგორც ცნობილია ჩვენთვის, ჩვენებას არ აძლევს და სავარაუდოდ, სასამართლოს შემდეგ ისაუბრებს.
რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნას, ის, ჩვენი მოლოდინით უნდა დააკმაყოფილოს მოსამართლემ", - განაცხადა პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძე.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე აპირებს გირაოს შუამდგომლობა დააყენოს. ადვოკატის თქმით, დაკავებული პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში გუშინ გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჯარისკაცმა ვაზისუბანში მისი თანამებრძოლიდა ნათელმირონი მოკლა. ამ დრომდე უცნობია, რატომ გაიმეტა ხვიჩა ვარდიაშვილმა ოფიცერი სასიკვდილოდ. 43 წლის სამხედროს საკუთარ სახლთან 7 ტყვია ესროლეს. მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი ადგილზე გარდაიცვალა.