ვინ არის შეიარაღებული კაცი, რომელიც "თიბისი ბანკს" თავს დაესხა - ექსკლუზიური დეტალები

04.01.24 11:14
ვინ არის შეიარაღებული კაცი, რომელიც "თიბისი ბანკს" თავს დაესხა - ექსკლუზიური დეტალები

შეიარაღებული თავდასხმა ბანკზე - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებული, 40 წლის კაცი სასჯელს ანალოგიური დანაშაულისთვის იხდიდა და არსებული ცნობებით, ციხე რამდენიმე თვის წინ დატოვა. 

ახალგაზრდა ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით მომხდარიდან მალევე, თბილისის ცენტრში აიყვანეს.

დაკავებული ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენას ელოდება.

"პირველების" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან 2 საათის შემდეგ, ბახტრიონის ქუჩაზე, კინოლოგების დახმარებით დააკავეს. ბორკილების დადების პროცესში მას ის ცეცხლსასროლი იარაღი თან ჰქონდა, რომლითაც ბანკის პერსონალს ემუქრებოდა.

როგორც "პირველებმა" დაადგინა, დაკავებული საბურთალოს რაიონის მაცხოვრებია, რაც იმას ნიშნავს, რომ კაცს კარგად ჰქონდა ცინცაძის ქუჩა შესწავლილი. 

ბოლო ინფორმაციით, ცინცაძის ქუჩაზე არსებულ თიბისი ბანკის ფილიალში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ტერიტორია დღეს დილით დატოვეს. ადგილზე იმყოფებიან ბანკის თანამშრომლებიც, თუმცა მათ ამ დრომდე მედიასთან ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს თიბისი ბანკზე თავდამსხმელი პირი, რომელსაც 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ 1984 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.