ე.წ. პიჯაკების საქმე თავდაყირა დგება - სააკაშვილის ბრალში მასაჟების ნაწილი საერთოდ არ არის
ე.წ. პიჯაკების საქმე თავდაყირა დგება - მიხეილ სააკაშვილის ბრალში მასაჟების ნაწილი საერთოდ არ არის. ამის შესახებ "პირველებს" ადვოკატი ბექა ბასილაია ეუბნება.
ბასილაიას თქმით, პროკურატურამ მიიჩნია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან პრეზიდენტის გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება გაფლანგვა არ არის.
უფლებადამცველი იმასაც ამბობს, რომ ვიზიტს, რომელსაც აღნიშნულ საქმეზე მესამე პრეზიდენტს ედავებიან ოფიციალური იყო.
მხატვრებთან დაკავშირებით, ეს იყო ოფიციალური ვიზიტი, არქიტექტორებთან შეხვედრა იყო, რის შემდეგაც საქართველოში დაიგეგმა არაერთი არქიტექტორული პროექტი და ეს მხატვარი, ვისზეც არის საუბარი, მისი მამა არის ძალიან ცნობილი არქიტექტორი, რომელსაც არაერთი პროექტი ეკუთვნის საქართველოში. ეს ერთი, ანუ ამას ვერ ჩავთვლით არაოფიციალურ ვიზიტად. რაც შეეხება მასჟს, ამასთან დაკავშირებით იცით, რომ ბრალი არავის არ აქვს წაყენებული? არც თემურ ჯანაშიას, არც მიხეილ სააკაშვილს. პროკურტაურამ მიიჩნია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან პრეზიდენტის გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება არ არის გაფლანგვა. საქმის მასალებში მოყვანილია რიტორიკისთვის, თორემ სამართლებრივი შეფასება არ აქვს მიცემული. პროკურატურა ამ საქმეში სადაოდ იმას კი არ ხდის, მიხეილ სააკაშვილმა ეს ხარჯი რატომ გასწია, პროკურატურა სადაოდ ხდის, რომ დაცვის სპეციალურ სამსახურს არ უნდა გაეწია ეს ხარჯი, თორემ თუ პრეზიდენტის ადმინისტრაცია თუ მსგავს ხარჯს გასწევდა, ამაზე პროკურატურას სამართლებრივი შეფასება არ აქვს გაკეთებული. დაახლოებით 2 მილიონზე აქვთ ბრალი წაყენებული. თუ ამ ნაწილში მოხსნის პროკურატურა ბრალს და თუ იტყვის, რომ ავიაკომპანიის ხარჯები ბრალად მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას არ უნდა ედებოდესო, უცებ მთელი საქმის უკან გათხოვა გამოვიდოდა რატომ იცით, სამართლებრივი საფუძველი ავიაკომპანიის საფუძველზე იქნებოდა ეს ხარჯები გაწეული თუ სხვა ტიპის ხარჯი იქნებოდა გაწეული, ერთია, არის განკარგულება, რომელიც შესასრულებლად სავალდებულო იყო დაცვის სამსახურისთვის. ერთია, რომ ეს შეიძლება ვინმეს პოლიტიკური მიზანშეწონილობით მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ სამართლებრივად ეს გაფლანგვა არ არის", - ამბობს ბექა ბასილაია.
დღეს ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. მიზეზად მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. პროცესზე დღეს უნდა დაკითხულიყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილიც, თუმცა სახელმწიფო ბრალდებამ ჩათვალა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაირღვეოდა, თუ მისი ნების საწინააღმდეგოდ, სხდომა მის გარეშე ჩატარდებოდა.
რატომ არის თეიმურაზ მღებრიშვილის დაკითხვა მნიშვნელოვანი? - თუ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერმინისტრობის დროს, (2014 წელი), როცა მღებრიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი იყო, გაწეული ხარჯები დანაშაული არაა, მაშინ ავტომატურად მიხეილ სააკაშვილის დროს გაცემული განკარგულებებიც დანაშაული ვერ იქნება.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თქმით, თუ განკარგულებია გაცემული ქვეყნის პირველი პირების მხრიდან, უწყება ვალდებულია შეასრულოს დავალება.