სკოლა, რომლის აშენებაც ქვეყნის ბიუჯეტს 21 მილიონი დაუჯდა, ინგრევა

29.06.21 12:00
სკოლა, რომლის აშენებაც ქვეყნის ბიუჯეტს  21 მილიონი დაუჯდა, ინგრევა

სკოლა, რომლის აშენებაც ქვეყნის ბიუჯეტს  21 მილიონი დაუჯდა, ინგრევა. 186-ე საჯარო სკოლაში,  რომლის მშნებლობაც 2 წლის წინ დაიწყო,  კედლები დაბზარულია  და ფაქტობრივად, იქ შესვლა საფრთხის შემცველია. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს კვლევის შედეგად შენობაში 64 დარღვევაა გამოვლენილი, ზოგიერთი კიბე ჰაერშია დარჩენილი, კედლები დაბზარულია, ჭერიდან წყალი ჩამოდის, შესაბამისად, სკოლა ხელახლა გასარემონტებელია. 

კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე, ამბობს, რომ შენობაში ყოფნა  მოსწავლეების და მასწავლებლებისთვის საფრთხის შემცველია, ამიტომ პასუხისმგებელი პირები თანამდებობებიდან უნდა გათავისუფლდნენ. 

ქალაქის საჯარო სკოლა, რომლის მშენებლობაც ბიუჯეტს დაუჯდა 21 მილიონი ლარი და დღეს აღმოჩნდა, რომ შენობა არის დაბზარული, შეიძლება დაჯდეს, დაწყებულია პროცესი, საძირკველი ფაქტობრივად, გამორეცხილი აქვს. შენობა-ნაგებობის დაზიანებაზე 2019 წელს მიუთითებდა ჯივიპი  და როდესაც შენობა-ნაგებობა დაზიანებულია და როდესაც რისკია შენობის დაჯდომის, საფრთხე დგება შენობაში მყოფი მოსწავლეების, მასწავლებლების და ნებისმიერი ადამიანის. ასე რომ, პასუხისმგებლობის საკითხი არის ცალსახად დასაყენებელი და აღნიშნულმა პირებმა უნდა დატოვონ თანამდებობები, - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

კორუფციის მკვლევარები სამსახურეობრივ გულგრილობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მშენებლობაში დახარჯული თანხა წყალში გადაყრილია.

რაც შეეხება სკოლის დირექტორს, მან "პირველებთან"  ამ თემაზე საუბარი არ ისურვა, თუმცა ცნობილია, რომ  განათლების სამინისტროს დასახმარებლად  თავად მიმართა. სკოლის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შენობის ჩამოშლის საფრთხის გამო მოსწავლეები დროებით სხვა სკოლაში არიან გადაყვანილები.
 

მსგავსი სიახლეები