პოლიცია ჯერჯერობით მოწოდების სიმაღლეზეა, თავს ვგრძნობთ უსაფრთხოდ - გიორგი თაბაგარი

01.07.21 17:37
პოლიცია ჯერჯერობით მოწოდების სიმაღლეზეა, თავს ვგრძნობთ უსაფრთხოდ - გიორგი თაბაგარი

პრაიდის კვირეულის პირველ ღონისძიებაზე ხმაურის მიუხედავად, ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი, ამბობს, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და უარესებიც უნახავს. თაბაგარის თქმით, პოლიცია მოწოდების სიმაღლეზეა და ღონისძიების მონაწილეები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. 

უარესები გვინახავს, არ ვფიქრობ, რომ რამე საგანგაშო ხდება. პოლიცია ჯერჯერობით არის მოწოდების სიმაღლეზე, თავს ვგრძნობთ უსაფრთხოდ, ველოდებით დაპატიჟებულ სტუმრებს.  იმედი მაქვს, რომ საღამოსაც  გვექნება იგივე სათქმელი შსს-ს მუშაობაზე, - ამბობს გიორგი თაბაგარი.

ადგილზე, სადაც პრაიდი კვირეულის პირველი ღონისძიებაა დაგეგმილი, ცოტა ხნის წინ კონტრაქციის მონაწილეები მივიდნენ. ღონისძიების მოწინააღმდეგეებს პოლიცია ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც გომელაურის უწყება წერს, რომ სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას 1-ელ ივლისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შსს მოუწოდებს ყველა მხარეს, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.