სახესა და ტუჩის მიდამოში მკბენდა - 33 წლის შშმ ქალი მეზობელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს
სექსუალური ძალადობის მცდელობა გურჯაანში - 41 წლის კაცს 33 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს.
დაზარალებული ამბობს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კარის მეზობელი მის სახლში შეიჭრა და ადგილიდან ძალის გამოყენებით წაიყვანა.
ქალი აღნიშნავს, რომ მოძალადე მეზობელი ემუქრებოდა და ტანსაცმლის გახდას აიძულებდა. პოლიციამ 41 წლის კაცს ბორკილები მაშინ დაადო, როცა ქალი ჯერ კიდევ მის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.
ძალით წამიყვანა, მეუბნებოდა, თუ იმას არ გააკეთებ, რაც მინდა, შენ და დედაშენს მოგკლავთო. შემეშინდა და მე თვითონ გავიხადე ტანსაცმელი. სახესა და ტუჩის მიდამოში მკბენდა"- ამბობს დაზარალებული ტელეკომპანია "გურჯაანთან".
დაზარალებულს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება, ქალს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მისი თქმით, მეზობლად მცხოვრები კაცი მარტოხელა დედა-შვილს ხშირად აკითხავდა და ღამის საათებში ხშირად ეძახდა.
სავარაუდო მოძალადე დაზარალებულის დედის გამოძახების საფუძველზე დააკავეს. ის მეზობლის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.
წინააღმდეგობა გავუწიე, თუმცა, მამაკაცს როგორ დავიმორჩილებდი?! ჩემი შვილი შშმ პირია, მინდა, მოძალადე კანონის წინაშე დაისაჯოს"- აცხადებს ტელეკომპანია "გურჯაანთან" დაშავებულის დედა.
დაზარალებულის ინტერესებს ,,ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის" იურისტი, ლია ხუროშვილი, იცავს. როგორც ირკვევა, სავარაუდო მოძალადის ახლობლები დაშავებულს საჩივრის გამოტანას და საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმებას სთხოვენ.
ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ ქალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ეს არის წინასწარი შეცნობით ჩადენილი დანაშაული, რადგან შშმ პირთან ჩადენილი ამდაგვარი ქმედება დანაშაულის სიმძიმეს უფრო ამძიმებს. იმის ნაცვლად, რომ კარის მეზობელი დაეცვა, კაცი თავად ახორციელებდა მასზე ძალადობას"- ამბობს ადვოკატი.
რაც შეეხება დაკავებულს, მისი პოზიცია უცნობია. ბრალდებულის ადვოკატის, ირაკლი უტიაშვილის, თქმით, საუბარია გაუპატიურების მცდელობაზე.
გამოძიება გაუპატიურების მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მას 14 წლამდე პატიმრობა ემურება. სასამართლომ ქალს დაზარალებულის სტატუსი უკვე მიანიჭა.