მშობლების მკვლელობაში მსჯავრდადებული ყოფილი პოლიციელი სააპელაციომაც უვადო პატიმრობაში დატოვა

02.03.24 15:38
მშობლების მკვლელობაში მსჯავრდადებული ყოფილი პოლიციელი სააპელაციომაც უვადო პატიმრობაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მშობლების მკვლელობაში მსჯავრდადებული ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილი უვადო პატიმრობაში დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დაცვის მხარემ გაასაჩივრა, თუმცა მეორე ინსტაციის სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

2022 წლის 27 აპრილს ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.

გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები