თამბაქოს ნაწარმზე შესაძლოა, რომ აქციზი 60-ლარიდან 30-ლარამდე შემცირდეს
თამბაქოს ნაწარმზე შესაძლოა, რომ აქციზი 60-ლარიდან 30-ლარამდე შემცირდეს - პროექტი "ოცნების" დეპუტატებმა მოამზადეს და კანონი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
ინიციატივის თანახმად, 2025-წლიდან ახალი საგადასახადო განაკვეთი ამოქმედდება, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი კი წლიურად თითქმის 24 965 047.2 ლარით შემცირდება.
“საქართველოში მეთამბაქეობა ძირითადად მაღალმთიან აჭარაში, მარნეულსა და ლაგოდეხშია გავრცელებული. 2020 წლის მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში თამბაქო გაშენებული იყო 140 ჰა-ზე, მიღებულმა მოსავალმა 314 ტონა შეადგინა და მეთამბაქეობით დაკავებული იყო 1000-მდე საოჯახო მეურნეობა.
დარგის განვითარება ისეთი პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა გადამუშავების რთული და ძვირადღირებული ტექნოლოგია; კვალიფიციური კადრების და ლაბორატორიების არ არსებობა; არალეგალური სიგარეტის წილის ზრდა, რომლის ფასი დაფასოებული ე.წ. მოსაწევი თამბაქოს ფასს უტოლდება და აღნიშნულ პროდუქტს არაკონკურენტულს ხდის.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან, მას შემდეგ რაც “საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილების საფუძველზე უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი გათანაბრდა, არალეგალური სიგარეტის იმპორტის მოცულობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ადგილი აქვს გადასახადებისგან თავის არიდებას და სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად კარგავს საგადასახადო შემოსავლებს.
აქციზის განაკვეთის შემცირებით გამოწვეული საბიუჯეტო შემოსავლების დანაკარგის კომპენსირება ბაზარზე არალეგალური სიგარეტის ლეგალურით ჩანაცვლებისა და შედეგად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების ფონზე მოხდება“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.