საქართველოდან ორჯერ მეტი ადამიანი გარბის, ვიდრე ემიგრაციიდან ბრუნდება - საგანგაშო სტატისტიკა
საქართველოდან ორჯერ მეტი ადამიანი გარბის, ვიდრე ემიგრაციიდან ქვეყანაში ბრუნდებიან. ქართველები პოლიტიკურ თავსესაფარს ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოში და ასევე რუსეთშიც ითხოვენ. ოკუპანტი ქვეყანა ერთადერთია, ვინც მოთხოვნა თავშესაფრის მაძიებელ ყველა ადამიანს დაუკმაყოფილა.
რატომ გარბიან მოქალაქეები ქვეყნიდან? ექსპერტები მიზეზებზე საუბრობენ. სპეციალისტები მთავარ მიზეზეზებად ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას და უპერსპექტივობას ასახელებენ.
საქართველოდან ხალხი გარბის და გარბის ნებისმიერი მიმართულებით, სადაც იპოვის თავშესაფარს და სადაც იპოვის საარსებო წყაროს. სამწუხაროდ, ვიღაც ამ არჩევანს რუსეთის სასარგებლოდ აკეთებს, მაგრამ ასევე სამწუხაროა ნებისმიერი ქვეყნის სასარგებლოდ გაკეთებული ეს არჩევანი. ეს ადამიანები მიდიან 3-4 თვის ბავშვებით, გადადიან მექსიკის გზას, მაგალითად, ამერიკაში მიმავლები, იმიტომ, რომ ვიღაცამ უთხრა, რომ თუ პატარა ბავშვთან ერთად იქნები, უფრო ადვილად გიშვებენ. ამაზე უფრო მაღალი ხარისხის ტრაგედია მე არ ვიცი სახელმწიფოებრივად რა შეიძლება იყოს ომის გარდა, - ამბობს "სამოქალაქო იდეის" ლიდერი თინა ხიდაშელი.
ქვეყანაში არსებულ უპერსპექტივობაზე საუბრობს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელიაც.
ქვეყნის პერსპექტივა უნდა აძლევეს საშუალებას თვითრეალიზაციის. ისინი აქ ამას ვერ ხედავენ და გარბიან ქვეყნიდან. ეს ერთ-ერთი მანიშნებელი არის ხოლმე ავტორიტარული რეჟიმების, იმიტომ, რომ ავტორიტარული რეჟიმი სთავაზობს მოქალაქეებს ან მატთან კორუფციულ კლეპტოკრატიულ სისტემაში თანამონაწილეობას ან მეორე ალტერნატივაა, დატოვონ ეს ქვეყანა, - ამბობს ბათუ ქუთელია.
ამ ფონეზე კი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა ყვავის და სიიდუხჭირეს ადგილი არ აქვს.