სავარაუდო ბულინგი და ფიზიკური დაპირისპირება სკოლაში -დირექტორი ხელებით გამოიწია, ბავშვებს არაკაცს ეძახდა
თბილისის 58-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაცია დიდ სკანდალში ეხვევა - სკოლაში არასრულწლოვანებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო.
ერთ-ერთი მშობელი "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მოსწავლეები სკოლის პერსონალისგან მუქარისა და შანტაჟის მსხვერპლი მას შემდეგ გახდნენ, რაც ბავშვებს შორის ჩხუბი მოხდა.
სკოლის მოსწავლეების ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ორ თანაკლასელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მესამე თანაკლასელმა გამოიწვია, რომელიც სასწავლო ნაწილის შვილიშვილია.
ერთ-ერთი მშობლის მტკიცებით, სკოლის დირექტორმა, იოსებ ლაზარიშვილმა დაპირსიპირებაში მონაწილე ერთ-ერთი მოსწავლე შეხვედრაზე დაიბარა და უთხრა, რომ დანაშაული საკუთარ თავზე აეღო. უარის შემდეგ კი დირექტორმა სცადა, მოზარდს ხელით შეხებოდა.
არასრულწლოვანის დედა "პირველებს" უყვება, რომ მომხდარის შემდგომ მისი შვილი და კონფლიქტში ჩართული მეორე მოზარდი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი არიან, რომელსაც ბავშვების მიმართ სკოლის პერსონალი ახორციელებს.
კონფლიქტი მოყვა იმას, რომ ორმა თანაკლასელმა ერთმანეთში იჩხუბა, ამის პროვოცირება გამოიწვია მათმა ერთ-ერთმა კლასელმა, რომელიც სასწავლო ნაწილის შვილიშვილია.
მაქვს სრული ვიდეო, რომელიც გადავეცი გამოძიებას - ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ახდენს ზეწოლას (დირექტორი) ჩემს შვილზე და მის თანაკლასელზე, რომ ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. რატომღაც დამნაშავე იყო ჩემი შვილი და მისი თანაკლასელი, რომლებსაც ერთმანეთში ჩხუბი მოუვიდათ და სასწავლო ნაწილის შვილიშვილი არაფერში არ ყოფილა დამნაშავე.
ამ ყველაფრის ნიადაგზე დირექტორთან ვიყავით დაბარებული. მაგიდაზე ხელების რტყმით გამოიწია, შუაში ჩაუდგა მანდატური. შეურაცხყოფას აყენებდა ჩემს შვილს და არაკაცს ეძახდა. ეს არაკაცური საქციელი არისო, რადგან შენ ამ ბავშვს ადანაშაულებ მაშინ, როდესაც დამნაშავე არ არისო.
ჩემი შვილი ერთი კვირა არ დადიოდა სკოლაში და შემდეგ ვიგებ, რომ დირექტორი შედის ამ კლასში და იძახის, თუ როგორი ცუდი ბავშვია ეს ჩემი შვილი და როგორ გაწირა მისი მეგობარი. მერე დამრიგებელი იძახის, რომ თუ დაბრუნდება ეს ბავშვი სკოლაში, მე მივდივარ, სადამრიგებლოს ვტოვებო. სოცმუშაკთან უნდოდა ჩასვლა ჩემს შვილს, მაგრამ აუკრძალა დამრიგებელმა, როდესაც ამის უფლება არ აქვს", - ამბობს მოზარდის დედა.
კლასის დამრიგებელი, ნინო ხაჟომია, რომელიც პოლიციამ უკვე გამოკითხა, "პირველებთან" ამტკიცებს, რომ დირექტორის მხროდან ბავშვებზე ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
არანაირი ბულინგი არ არის. დამრიგებელს არ შეუძლია, სკოლიდან ბავშვის გაგდება და არც არავინ არ აგდებს. არანაირი მუქარა და არანაირი ხელით შეხება არ ყოფილა. თქვენ ეტყობა არ გითხრეს, მაგრამ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ახლა საგამოძიებო უწყებაში ვიმყოფები", - ამბობს დამრიგებელი ნინო ხაჟომია.
რაც შეეხება დირექტორს, იოსებ ლაზარიშვილი მედიის კითხვებს არ პასუხობს. ის საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოკითხა.