"თვალი დავკარგე, თუმცა ახალგაზრდების გვერდით დგომას არ ვნანობ" - 1 წელი მარტის აქციებიდან
1 წელი მარტის აქციებიდან - წინა წლის ზუსტად ამ დღეს ათასობით მოქალაქე ქუჩიდან იცავდა ქვეყნის ღირსებას ევროკავშირის და საქართველოს დროშებით ხელში, თუმცა ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.
მოქალაქეები მთავრობის წარმომადგენლებს რუსული კანონის უკან წაღებას სთხოვდნენ, რის გამოც დედაქალაქის მთავარ გამზირზე საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
მარტის აქციებზე დაშავდა ათობით დემონსტრანტი, მათ შორის, ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ თვალიც დაკარგა. ზაზა ბირიაშვილი "პირველებეთან" აცხადებს, რომ მიუხედავად მიღებული დაზიანებებისა, ახალგაზრდების გვერდით დგომას არ ნანობს, რადგან სწორედ ამ აქციებმა მოუტანა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
სამჯერ სპრეი შეგვასხეს თვალებში, რათა დავეშალეთ, მაგრამ ვერ დაგვშალეს. შემდეგ ჭავლით დაგვასველეს. რომ დასველდი გვერდით გამოვედი და მაგ დროს გაისროლეს. მომხდა თვალში და მხედველობა დავკარგე. თავბრუს ხვევები დამიტოვა. ორი ოპერაცია გამიკეთეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, იქ წასვლა ღირდა. ვისაც უნდა საქართველოში კარგად ცხოვრება, უნდა გამოვიდნენ აქციებზე", - ამბობს ზაზა ბირიაშვილი.
7-8 მარტის აქციების სიმბოლოდ იქცა 21 წლის მომიტინგე, ლაზარე გრიგორიადისი, რომელზეც შურისძიება ამ დრომდე გრძელდება. აქტივისტი 29 მარტს დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. გარდა ამისა, ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გრიგორიადისმა 9 მარტს ჭანტურიას ქუჩაზე ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ასევე ნახეთ: