სტუდენტები ევროპული მომავლისთვის ერთიანდებიან - ახალგაზრდებმა სიმბოლური მემორანდუმი გააფორმეს

07.03.24 14:14
სტუდენტები ევროპული მომავლისთვის ერთიანდებიან - ახალგაზრდებმა სიმბოლური მემორანდუმი გააფორმეს

სტუდენტები ევროპული მომავლისთვის ერთიანდებიან - მარტის აქციების მონაწილე ახალგაზრდებმა სიმბოლური მემორანდუმი გააფორმეს.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტები ერთი წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებენ, თუ როგორ და რა მეთოდებით უსწორდებოდნენ სპეცრაზმელები დედაქალაქის მთავარ გამზირზე გამოსულ ადამიანებს.

ახალგაზრდები "პირველებთან" აცხადებენ, რომ ბრძოლის გაგრძელება ახლაც მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ჯერჯერობით ყველაფერი წინ არის.

1 წელი გავიდა მარტის მოვლენებიდან, რომელმაც, გარკვეულწილად, გარდამტეხი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ რეალობაში და ამ პროცესებში ერთ-ერთი მთავარი როლი ჰქონდათ ახალგაზრდებს. შესაბამისად, დღეს გადავწყვიტეთ, რომ ამ მოვლენების წლისთავზე დაგვეორგანიზებინა ახალგაზრდული მოძრაობების ორგანიზაციის სახელით ღონისძიება, სადაც გავიხსენებთ 1 წლის წინანდელ მოვლენებს, შევაფასებთ და გავუსვამთ კიდევ ერთხელ ხაზს ასეთ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობას", - ამბობს ახალგაზრდა.

ახალგაზრდების მიერ საგანგებოდ გამართულ შეკრებაზე მარტის აქციების სიმბოლოდ ქცეული ლაზარე გრიგორიადისის დედაც მივიდა. თამთა კალანდაძემ ყურადღება გაამახვილა საკუთარი შვილის მნიშვნელოვან როლზე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.

ლაზარე არის ამ სისტემის ტყვე 7-8 მარტის აქციების შემდეგ, მაგრამ დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ რუსული კანონი გაიწვიეს, შემდეგ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს. ჯერჯერობით ასეა, ციხეშია, მაგრამ დავიხსნით მას", - ამბობს თამთა კალანდაძე.

ცნობისთვის, დღეს, 15:00 საათზე სტუდენტები ათონელის რეზიდენციაში პრეზიდენტს ეწვევიან და სალომე ზურაბიშვილს პირადად გაესაუბრებიან.

ახალგაზრდები 8 მარტს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შეიკრიბებიან და კლიპის პრეზენტაციას მოაწყობენ.

მსგავსი სიახლეები