"უტიფრობა და უზნეობა" - მორიგი თავდასხმა პრეზიდენტზე
"უტიფრობა და უზნეობა" - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს პროდასავლური კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ.
"ქართული ოცნება" პრეზიდენტს იმის გამო ლანძღავს, რომ ის არჩევნებამდე ოპოზიციური პარტიების ერთმანეთთან დაახლოებას ცდილობს. სახელისუფლებო პარტიაში კოალიციის თეორიულ შანსსაც კი გამორიცხავენ.
ივანიშვილის გუნდი დარწმუნებულია, რომ ძალაუფლების სხვა პარტიებისთვის გადანაწილება და სხვებთან კოალიციის ფორმირება არ დასჭირდება. გეგმა საკონსტიტუციო უმრავლესობით და მეოთხე ვადით ხელისუფლებაში მოსვლაა.
"ახლა ევროპული იდეის გარშემო პრეზიდენტი ოპოზიციური ძალების შემოკრებას აპირებს. ეს აბსოლუტური უტიფრობაა და ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ამას არ მიიღებს"- თქვა პარლამენტის ვიცე სპიკერმა პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას.
სისხლის სუნი არ გასულა ჯერ რუსთაველის პროსპექტიდან. ამ ადამიანებს, ყველას უშუალოდ თუ არ აქვს მონაწილეობა მიღებული ადამიანების ჩაგვრაში, ყოველ შემთხვევაში, ამის შემოქმედი იყვნენ ორგანიზაციულად და მხარდაჭერით. ამათ შემოკრებას აპირებს ახლა ევროპული იდეის გარშემო. ეს აბსოლუტური უტიფრობაა და ვფიქრობ, ქართული საზოგადოება ამას არ მიიღებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
"ვხედავ, რომ არის ნიშნები" - ასე პასუხობს სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნებისა" და რუსეთის შესაძლო აზრთა თანხვედრას. საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისასა პირდაპირ თქვა, რომ "ოცნებას სიფრთხილე მართებს" , რადგან ქართველები პრორუს მთავრობას არ შეეგუებიან.
ზურაბიშვილმა ისაუბრა კოალიციური მთავრობის შესახებაც. მთავარსარდლის მოსაზრებით, თუ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მართვის სადავეებს კოალიცია აიღებს, "ოცნებას" აქვს შანსი, რომ ძალაუფლებაა მათთან ერთად გაიყოს. ზურაბიშვილი აანონსებს, რომ თავად პრეზიდენტობის ვადიის ბოლო დღემდე, ათონელის რეზიდენციაში დარჩება.