"მიუღებელია ადამიანთა რელიგიური ნიშნით დევნა" - ქართველ-მუსლიმთა კავშირი გამოძიების დაწყებას ითხოვს
"ვგმობთ და კატეგორიულად მიუღებელია ადამიანთა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დევნა", - ქართველ-მუსლიმთა კავშირი ადიგენში მომხდარ თავდასხმის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ორგანიზაცია სახელმწიფოს კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებებისა და რელიგიის თავისუფლების დაცვას სთხოვს.
ხმაურიანი საღამოს შემდეგ კი, მეჩეთად ქცეული სახლი ამ დროისთვის დაკეტილია. მედრესეში, სადაც ყოველ პარასკევს წირვა-ლოცვა იმართებოდა, მუსლიმები ამ დრომდე არ გამოჩენილან. უკავშირდება თუ არა მათი ქმედება გუშინდელ დაპირისპირებას, "პირველებს" არ ეუბნებიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ მუსლიმანური საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციონირება ადგილობრივებზეა დამოკიდებული.
ადიგენის მაცხოვრებლები კი მედიასთან საუბარში აცხადებენ, რომ მათთვის მეჩეთის გახსნა მიუღებელია, რადგან ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ისტორიას შეურაცხყოფას აყენებენ.
მე ვფიქრობ, რომ არასწორია, რადგან ქართველები ვართ ყველანი და საკუთარ ისტორიას უნდა ხვდებოდნენ. მეჩეთი არ არის, მაგრამ აპირებენ აშენებას", - ამბობს ადგილობრივი.
"პირველების" ინფორმაციით, ადიგენში გამოკითხვების სერია ღამით მიმდინარეობდა. გუშინდელ დაპირისპირებაში კი სასულიერო პირები, კერძოდ, ზარზმის ეკლესიის წინამძღვარი ფიგურირებდა, რომელიც აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა მუსულმანების მიმართ.
ცნობისთვის, დაპირისპირება ადიგენში მუსლიმთა სალოცავის გახსნას მოჰყვა. ადგილობრივები ქუჩაში გამოვიდნენ და მომლოცველებს სალოცავში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.