როგორია დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა? – პირველი კადრები თურქეთის საავადმყოფოდან
მკურნალობის ხანგრძლივი პროცესი დაწყებულია - დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში თურქეთის საავადმყოფოდან პირველ კადრებს ავრცელებს.
სასულიერო პირის ოჯახის წევრი განმარტავს, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახი იძულებული იყო, დეკანოზი თურქეთში სამკურნალოდ გადაეყვანათ, თუმცა თორნიკე მამალაძე იმედს გამოთქვამს, რომ პროცესი დადებით შედეგს გამოიღებს.
თორნიკე მამალაძე "პირველებთან" აცხადებს, რომ როგორც კი დეკანოზის მდგომარეობა გაუმჯობესდება, სასულიერო პირი სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლას გააგრძელებს.
დიაგნოზი ჯერჯერობით არ დასმულა. ერთკვირიანი კვლევა მიმდინარეობს. დიაგნოზი, სავარაუდოდ, მომდევნო ოთხშაბათს იქნება. მანამდე კი რამდენიმე კვლევა აქვს ჩასატარებელი. არის რთული მდგომარეობა, მაგრამ იმედიანი. მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოზი ჯერ არ უთქვამთ, ექიმებმა იმედი მოგვცეს, რომ ფეხზე დააყენებენ. ის 5 წელია, რაც პარალიზებულ მდგომარეობაშია, თუმცა როგორც თვითონ გვეუბნებიან, შეუძლებელი არაფერია. საპატრიარქოს ოფიციალურ წარმომადგენლებს არ დაურეკავთ, მაგრამ სასულიერო პირებიდან, მაღალ იერარქიიდან ვგულისხმობ, არაერთმა დარეკა და მოსულან, უნახავთ ჩემი ძმა. გვიცხადებენ თანადგომას და გამოჯანმრთელებას გვისურვებენ. რაც ციანიდის საქმეს შეეხება, მხოლოდ და მხოლოდ, ამ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით იქნება საუბარი. არ იქნება ეს სანახაობა, იქნება მტკიცებულებები. ჩვენ თავიდანვე ვითხოვდით, რომ სასამართლოები ღია ყოფილიყო, რადგან საზოგადოებას კითხვებზე პასუხები უნდა სცოდნოდა, ამიტომ ჩემი ძმა გააგრძელებს ბრძოლას და ისაუბრეს ციანიდთან დაკავშირებით", - ამბობს თორნიკე მამალაძე.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ის გერმანიაში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს პატრიარქი ოპერაციას იკეთებდა. მას, პროკურატურის მტკიცებით, ციანიდის ნატრიუმი აღმოუჩინეს და გაჩნდა ვარაუდი, რომ დეკანოზი ილია მეორის მოწამვლას აპირებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 14 თებერვალს გაათავისუფლეს.