სახელდახელოდ მოწყობილი მეჩეთის გამო დაწყებული კონფლიქტი - რას ამბობენ მესამე სექტორში
სახელდახელოდ მოწყობილი მეჩეთის გამო დაწყებულ კონფლიქტს მესამე სექტორი ეხმაურება - "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მომხდარს დისკრიმინაციულ ფაქტად აფასებს და ხელისუფლებას, კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებების დაცვისთვის, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ქართველი მუსლიმების წინააღმდეგ განგრძობადი დევნაა დაწყებული, ამიტომ საჭიროა, ახალციხის ეპარქიაში შექმნილი ვითარებით საპატრიარქოც დაინტერესდეს.
განცხადებები, რომელიც ამ ეპიზოდზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ გააკეთა, იყო მკვეთრად დაუსაბუთებელი. საუბარი იმაზე, რომ კერძო პირის სახლში, რელიგიური მიზნებისთვის, რამდენიმე ადამიანის შეკრება და გუშინ 4 ადამიანი იყო ამ შენობაში, არის უკანონო, ან ის რომ არაფორმალური განათლების ორგანიზება კერძო ორგანიზაციების მიერ, კერძო სახლში არის სრულიად დაუსაბუთებელი. ბატონ გოჩა ქიმაძეს, როგორც ჩანს, არ ესმის კანონის მოთხოვნები, არც ადამიანის უფლებათა სტანდარტები, არც ის რომ ქვეყანაში არსებობს რელიგიური ნეიტრალიტეტის კონსტიტუციური პრინციპი, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, ამგვარი ტიპის დაძაბულობების დროს რელიგიური ნეიტრალიტეტი და თანასწორობის პრინციპები დაიცვას. ჩვენი მთავარი მოწოდებები მიემართება საქართველოს მთავრობას და მას დროულ რეაგირებას ვთხოვთ", - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, დაიწყო თუ არა საქმეზე გამოძიება.
ცნობისთვის, დაპირისპირება ადიგენში მუსლიმთა სალოცავის გახსნას მოჰყვა. ადგილობრივები ქუჩაში გამოვიდნენ და მომლოცველებს სალოცავში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.