ადიგენში ვითარების გაშუქების დროს პოლიცია ჟურნალისტს ხელს უშლიდა... მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ინციდენტი გამოიძიოს - კოალიცია

09.03.24 14:01
ადიგენში ვითარების გაშუქების დროს პოლიცია ჟურნალისტს ხელს უშლიდა... მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ინციდენტი გამოიძიოს - კოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია პოლიციის მხრიდან რეგიონული მედია "TOK TV"-ის ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტს გმობს.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ მსგავსი ინციდენტი ზღუდავს მედიის თავისუფლებას, ამიტომ ხელისუფლებას შემთხვევის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ადგილობრივი მედიის TOK TV-ის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უშლიან ხელს პოლიციის წარმომადგენლები ჟურნალისტს ადიგენში მიმდინარე შეხვედრის გაშუქებაში, რომელსაც მერიისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მედია ცდილობდა, გაეგო თუ რა ხდებოდა მედრესესთან სადავო საკითხთან დაკავშირებით. 

პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მედიის წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლა სერიოზულ კითხვებს აჩენს ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებასა და პრესის თავისუფლებასთან მიმართებით. მსგავსი ინციდენტი ზღუდავს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას და ხელს უშლის პრესას პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, სწრაფად გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტი და მედიის წარმომადგენლებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა უზრუნველყოს," - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები