"ეს იყო პროვოკაცია" - ზარზმის მონასტრის წინამძღვარი ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე

09.03.24 16:21
"ეს იყო პროვოკაცია" - ზარზმის მონასტრის წინამძღვარი ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე

"ეს იყო პროვოკაცია" - ასე აფასებს ზარზმის მონასტრის წინამძღვარი ადიგენში განვითარებულ მოვლენებს. არქიმანდრიტი ნიკოლოზ გეწაძე ამტკიცებს, რომ სასულიერო პირებისა და ადგილობრივების მიერ წარმოთქმული უშვერი ფრაზები, რომლებიც მუსულმანების მიმართულებით გაჟღერდა, ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვები იყო.

არქიმანდრიტი განმარტავს, რომ მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, მართლმადიდებელ და მუსლიმ მორწმუნეებს შორის მშვიდობა სუფევდა, თუმცა კონფლიქტი ადიგენში მეჩეთის მოწყობასთან დაკავშირებით მაცხოვრებლების არაინფორმირებულობამ განაპირობა.

ნიკოლოზ გეწაძე ხელისუფლებას კონკრეტული კანონის შემუშავებისკენ მოუწოდებს, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი ბინის საკულტო ნაგებობად გამოცხადება აღკვეთილი და დაუშვებელი იქნება.

ეს ადამიანი მოვიდა, გააკეთა ასეთი პროვოკაცია. ააბუნტა ხალხი, არია სიტუაცია. არ ემორჩილება არც ადგილობრივ მუსლიმებს და არც მთავარ სამმართველოს. ისმის კითხვა, ვინ არის ეს ხალხი და საიდან მოვიდა. რაც უნდა ის გააკეთოს მის სახლში მის ოჯახთან ერთად. ქეიფი თუ გაქვს, ქეიფი ვიცი თვეში ერთხელ, ან ორ თვეში ერთხელ და ყოველ პარასკევს მისცე ამას სახელწოდება, რომ ჩვენ მეჩეთში ვიკრიბებით, ეს უკვე მონიშვნაა ადგილის და ვინ მოგცა ამისი უფლება. ამას არავინ არ შეგარჩენს და არავინ არ გაპატიებს. იქ ხალხი უკიდურესად აღელვებული არის. იქ კიდევ პოლიციას სცეს პატივი და როდესაც ბატონი ივერი მობრძანდა, მისი მოწოდება გულისხმიერად მიიღეს და დაემორჩილნენ. მაგრამ თუ ამას არ მოჰყვება უმოკლეს დროში ის შედეგი, რაც უნდა მოჰყვეს, მაშინ ეს იქნება უმართავი პროცესი, რადგან ამას არავინ არ შეეგუება, გამორიცხულია", - ამბობს არქიმანდრიტი ნიკოლოზი.

ცნობისთვის, დაპირისპირება ადიგენში მუსლიმთა სალოცავის გახსნას მოჰყვა. ადგილობრივები ქუჩაში გამოვიდნენ და მომლოცველებს სალოცავში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. კონფლიქტში მაცხოვრებლებთან ერთად სასულიერო პირებიც იყვნენ ჩართულნი, რომლებიც მუსლიმების მიმართ უხამს სიტყვებს აჟღერებდნენ. 

მსგავსი სიახლეები