ვაქცინის დასაჯავშნად მოქალაქეებს ქოლ ცენტრში დარეკვა მოუწევთ

04.07.21 12:40
ვაქცინის დასაჯავშნად მოქალაქეებს ქოლ ცენტრში დარეკვა მოუწევთ

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალზე ყველა ხარვეზის გამოსწორება ჯერ ვერ მოხდა - 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, გახსნის ქოლ-ცენტრს და მოქალაქეს ექნება საშუალება დაჯავშნოს რიგი, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან გააკეთა.

„ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ, გუშინ რეგისტრაციის შესაძლებლობა ვაქცინაციის პროგრამაზე, რიგის დაჯავშნის მიზნით, შეწყდა. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა, ბოლომდე, ჯერჯერობით, ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა, ამდენად, მუშაობა გრძელდება და როგორც კი დასრულდება აღდგენითი სამუშაოები მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმაციას დაუყონებლივ მიიღებს.

ღია სივრცეში რეგისტრაციის გახსნა არ ყოფილა აქამდე და როგორც კი დასრულდება ეს პროცესი მოგახსენებთ. გუშინდელი მონაცემებით, რამდენიმე საათი მოითხოვეს ტექნიკოსებმა იმისთვის, რომ ხარვეზი აღმოფხვრილიყო, როგორც ჩანს, დაზიანება უფრო კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდან ეს შეფასდა. ამდენად, ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს, ჩემთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება, დამატებითი სამუშაოები შესასრულებელია.

რა თქმა უნდა, მასიური ვაქცინაციის პროგრამის დაწყება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და გარდა იმისა, რომ რესგისტრაციის პორტალს ვიყენებთ ჩვენ ამ მიზნებისთვის, არსებობს სხვა ალტერნატიული გზებიც, 150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში ხვალ-ზეგ გახსნის თავიანთ ქოლ-ცენტრს, სადაც მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკვე ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი. ამას დაეხმარება რეგისტრაციის პორტალი და რეგისტრაციის პორტალი არ იქნება ერთადერთი საშუალება რეგისტრაციისთვის,“-  თქვა გაბუნიამ.

ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პორტალი გახსნილია, თუმცა მოქალაქეებს ჯავშნის გაკეთების შესაძლებლობა ამ დრომდე არ აქვთ.