"მანდატის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოხდება" - იოსელიანი ადიგენში მომხდარზე
ლევან იოსელიანი ადიგენში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. სახალხო დამცველის თქმით, მისი მანდატის ფარგლებში "შესაბამისი რეაგირება მოხდება".
"სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა.
სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისის თანამშრომელს კომუნიკაცია ჰქონდა დაპირისპირებაში ჩართულ პირებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, რის შემდეგაც, მანდატის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ინციდენტი 8 მარტს, დაბა ადიგენში მოხდა. კერძო პირის, მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები შეიკრიბნენ და მუსლიმებს იქ ლოცვის ჩატარება აუკრძალეს.
ადგილობრივები ქუჩაში გამოვიდნენ და მომლოცველებს სალოცავში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. კონფლიქტში მაცხოვრებლებთან ერთად სასულიერო პირებიც იყვნენ ჩართულნი, რომლებიც მუსლიმების მიმართ უხამს სიტყვებს აჟღერებდნენ.