ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

04.07.21 14:00
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ შეინიშნება და ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.მათივე ინფორმაციით, დაიწვა 4 ჰექტარი ტყის ქვედა საფარი და მოტეხილი ხის ტოტები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ღია ცეცხლი და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები დროულად გამოცხადდნენ ადგილზე და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე, წაქცეულ ხეებსა და კუნძებზე.

რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებთან ვერ ხერხდებოდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა, შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებს უწევდათ ქრობის პროცესის ინდივიდუალური აღჭურვილობით წარმართვა. მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე მუშაობა დაიწყეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმაც. რთული რელიეფისა, და მიუდგომელ ადგილებში ხანძრის დროულად ჩასაქრობად, გადაწყდა პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზაღვრო პოლიციის ვერტმფრენების ჩართვა. გუშინ ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში ორი ვერტმფრენი მონაწილეობდა, დღეს კი, სალიკვიდაციო სამუშაოები ერთი ვერტმფრენი იყო ჩართული. სამსახურების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ამ დროისთვის, ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ შეინიშნება. ხანძარი უკვე სრულად ლიკვიდირებულია.

დაიწვა 4 ჰექტარი ტყის ქვედა საფარი და მოტეხილი ხის ტოტები. დაშავებული არავინ არ არის.

ხანძრის ქრობის სამუშაოებში სულ ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ცოცხალი ძალა, 50-მდე მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.