ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 8 პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
ნარკოტიკების შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულები მოსამართლემ ციხეში გაუშვა. აღმკვეთი ღონისძიება სასამართლომ ე.წ. კურიერებს და მომხმარებლებს შეუფარდა.
ირკვევა, რომ გომელაურის უწყებას არც ამ შემთხვევაში დაუპატიმრებია მსხვილი ბაგირები.
თბილისსა და ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიყვანილებიდან არცერთი დანაშაულს არ აღიარებს.რვავე დუმილის უფლებას იყენებს. რვიდან ერთი ბელორუსის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისინი სპეცოპერაციის ფარგლებში დედაქალაქსა და აჭარაში აიყვანა.
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე, 8 პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელთა ნაწილი გასაღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე განათავსეს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან და ასევე სხვადასხვა ლოკაციებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები - ,,კოკაინი”, „მდმა“, „მარიხუანა“, „ექსტაზი” „ლსდ“, ,,პსილოციბინი”, ,,ალფა პვპ", "მეფედრონი" და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“ ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 273-ე პრიმა მუხლებით (ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღების მცდელობა და მომზადება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- აცხადებენ პროკურატირაში.
უწყება ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.