ნარკოდანაშაული აჭარაში - პროკურატურამ ბელორუსის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 8 მარტს დააკავეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 266,9 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (მარილი), რომლის ნაწილი - 260,1 გრამი სამართალდამცველებმა 8 მარტს, ქალაქ ბათუმში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. 6,8 გრამი ნარკოტიკული საშუალება შსს-ს თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამებაში სხვადასხვა ადგილიდან ამოიღეს, რომელიც ბრალდებულს გასაღების მიზნით ჰქონდა განთავსებული. ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, შსს-ს თანამშრომლებმა ასევე სასწორი და ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო ნივთები ამოიღეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 8 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 19-260-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით, 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა" - აცხადებს პროკურატურა.