უგულებელყოფილია ჯანმრთელობის დაცვა, დარღვეულია კვების სტანდარტი - რა პირობებში ცხოვრობენ ხანდაზმულები
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2023 წელს ბოლნისში, გორში, ქარელსა და თბილისში არსებულ ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში მონიტორინგი ჩაატარა - დგინდება, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია სრული ინფორმაცია ხანდაზმულ პირებზე ზრუნვის დადგენილი მინიმალური სტანდარტების თაობაზე.
ანგარიშის თანახმად, ხანდაზმულ პირთა უფლებები პანსიონატში ჩარიცხვის პროცედურიდან ირღვევა, რასაც ცხადყოფს ხანდაზმულის ნების გაუთვალისწინებლობა. ამავდროულად, დაწესებულებების გარკვეული ნაწილი არ არის მოწესრიგებული და ბენეფიციარებს მძიმე ანტისანიტარიულ პირობებში უწევთ ცხოვრება.
მათზე ზრუნვა, ძირითადად, ჰიგიენური და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით ამოიწურება, რაც ზრუნვის მინიმალურ მოთხოვნებსაც არ შეესაბამება. ხანდაზმულები ხშირად დისკრიმინაციულ, ღირსების შემლახველ მდგომარეობაში იმყოფებიან და უმეტესობამ არაფერი იცის საკუთარი უფლებების შესახებ. დაწესებულებებში უგულებელყოფილია ჯანმრთელობის დაცვა; დარღვეულია კვების სტანდარტი. მენიუს შემადგენლობა ღარიბი, არასრულფასოვანი და ერთფეროვანია”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ბენეფიციართა რაოდენობა დიდია, თუმცა მიუხედავად ამისა, დაწესებულებებში არ არსებობს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ბენეფიციარებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ.
სახალხო დამცველის აპარატმა კონკრეტული რეკომენდაციები გასცა, რომლის შესრულებაც დაწესებულებებს დააკისრა.